ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება, რომელიც ომიკრონითაა გამოწვეული — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების
აღმავალი ტალღა
იწყება, რაც კორონავირუსის ახალი
შტამით, ომიკრონითაა გამოწვეული. გამყრელიძე ფიქრობს, რომ ამისთვის
ჯანდაცვის სისტემა მზადაა და როგორც ჰოსპიტალური, ასევე,
ლაბორატორიული სექტორი ახალ შემოტევას გაუმკლავდება.
"დღევანდელი მდგომარეობით, ბოლო 24 საათით, ეპიდსიტუაცია წინა
კვირასთან მიმართებაში, შესაბამის დღეებთან მიმართებაში უფრო და უფრო,
თანდათანობით იძაბება, ასე ვთქვათ და რთულდება. თუ ჩვენ ნოემბრის შუა
რიცხვებიდან გვქონდა ე.წ დაღმავალი ტალღა ყოველდღიური ახალი
შემთხვევებისა და ეს სტაბილურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში
გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა უკვე აღინიშნება ყოველდღიური
შემთხვევების მატება და შესაბამისად, ეპიდსიტუაციისთვის
დამახასიათებელი სხვა ინდიკატორების, როგორიც არის, დადებითობის
მაჩვენებელი, მისი ზრდა", — განაცხადა მან.
გამყრელიძის შეფასებით, ინფიცირების შემთხვევათა ზრდა დინამიურია.
მისი თქმით, დღეს საქართველოში ომიკრონის 159 ლაბორატიულად
დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ქვეყნის სხვადასხვა
ქალაქში ჩატარებული კვლევებით ამ მაჩვენებელს ახალი შტამით
ინფიცირების 94 ახალი შემთხვევა დაემატა.
გამყრელიძის ცნობით, მათგან 17% რეინფიცირებულია ხოლო ინფიცირებულთა
67% სრულად ვაქცინირებულია. ამასთან, NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს,
რომ 8 კოვიდინფიცირებული ბუსტერიზებული იყო.
გამყრელიძე აქვე აღნიშნავს, რომ ვირუსი ვაქცინირებულების
შემთხვევაში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო ბუსტერიზაცია
ომიკრონთან ბრძოლის ერთადერთი ძირითადი რეკომენდაციიაა. ის
მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ძველით ახალი წლის პერიოდში "მაქსიმალურად
მოკრძალებულები" იყვნენ.