25 მარტიდან ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებსაც შეეძლებათ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე
ტიკარაძის განცხადებით, 65 წელს ზევით ასაკის საქართველოს
მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება.
როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 65 წელს ზევით
ასაკის მოქალაქეები ვაქცინაციისთვის შესაბამისი რეგისტრაციის გავლას
25 მარტიდან შეძლებენ.
"დღეს დილიდან შეიკრიბა საბჭო სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე
სამსჯელოდ. პირველი მთავარი ინფორმაცია, რაც არის საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვანი, არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მიღებული
გადაწყვეტილება, რომელმაც "ასტრაზენეკა" აღიარა, როგორც უსაფრთხო
ვაქცინა და შესაბამისად, "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა
ქვეყანაში შეუფერხებლად გაგრძელდება. გამომდინარე აქედან, საბჭომ
ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო გვემსჯელა, თუ რა იქნებოდა
საქართველოში შემდგომი ტაქტიკა ჯგუფებთან მიმართებით და ასევე,
ლოკაციებთან მიმართებით. აქ ჩვენ გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება ასაკობრივი
ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი, 75 წელზე და 65
წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე
ხელმისაწვდომობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფებია ის
მოწყვლადი ჯგუფები, ვისთვისაც კოვიდინფექცია არის ყველაზე საშიში
ინფექცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ
პროცესი დაგვეჩქარებინა,"- განაცხადა ტიკარაძემ.