აზერბაიჯანმა საქართველოს უსასყიდლოდ 100 ტონა სამედიცინო ჟანგბადი გადასცა
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის,
ზურაბ პატარაძის განცხადებით, აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა
თხევადი ჟანგბადი უსასყიდლოდ გადასცა.
კომპანია, რომელმაც ჟანგბადი გამოყო
Baku steel-ია, მან ტვირთის ტრანსპორტირება საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყო.
"ქართული და აზერბაიჯანული მხარეები განაგრძობენ მჭიდრო
თანამშრომლობას, რათა არ შეიქმნას დეფიციტი საქართველოს ჯანდაცვის
სექტორში კოვიდ-კლინიკების თხევადი სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების
კუთხით", - წერია ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პატარაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება თხევადი სამედიცინო
ჟანგბადის შესაბამისი მარაგების მიწოდება აზერბაიჯანიდან
საქართველოში, როგორც სახმელეთო გზით ასევე რკინიგზის საშუალებით.
გუშინ, 30 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ქვეყნის სამედიცინო
დაწესებულებებში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება დაახლოებით სამჯერ
არის გაზრდილი და დღეში 80 ტონას აჭარბებს. მინისტრისვე თქმით,
მოთხოვნილების 90 პროცენტი ადგილობრივი წარმოების სამედიცინო
ჟანგბადით იფარება.