პრეპარატი „რემდესივერი” კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ოფიციალურად დაამტკიცეს
აშშ-ის სურსათისა და წამლის
ადმინისტრაციამ კოვიდინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში
სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივერი” ოფიციალურად
დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, „რემდესივერზე“ ჩატარებულმა
კლინიკური გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა გამოჯანმრთელების
საშუალო დრო ხუთი დღით შეამცირა.
„პრეპარატი დამტკიცებულია კოვიდ 19-ის სამკურნალოდ 12 წლისა და მეტი
ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა წონა სულ მცირე 40 კილოგრამია და
რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ,“- აღნიშნულია აშშ-ის სურსათისა
და წამლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, „რემდესივერის” დამტკიცების შესახებ
გადაწყვეტილება სხვადასხვა კლინიკურ ცდებს ეფუძნება.
”დღევანდელი დამტკიცება, რომელიც სააგენტოს მიერ მკაცრად შეფასებულ
მრავალი კლინიკური კვლევის მონაცემებს ემყარება, კოვიდ -19-ის
პანდემიაში მნიშვნელოვან სამეცნიერო ეტაპს წარმოადგენს ”, - აცხადებს
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი.
ორგანიზაციის მტკიცებით, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა იმ
ჯგუფში, რომელსაც „რემდესივერით“ მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელების
საშუალო დრო 10 დღე იყო, რაც 5 დღით ნაკლებია იმ პაციენტების
გამოჯანმრთელების დროზე, რომლებსაც პლაცებოს გამოყენებით
მკურნალობდნენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ
კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირი“ გადაუდებელი გამოყენებისთვის
მაისში დაამტკიცა.