"ბორჯომის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევაა" - მანანა რატიანი
ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის
ორი შემთხვევაა დადასტურებული.
კოვიდ-19 დაუდასტურდა ბაკურიანის
ერთ-ერთი საკარანტინე სასტუმროს თანამშრომელს, რომელიც ტიმოთესუბნის
მაცხოვრებელია. ხოლო მეორე კოვიდინფიცირებული ახალციხის სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ექიმია, რომელიც ბაკურიანში ცხოვრობს ოჯახთან
ერთად. 30 და 50 წლის ქალების ტესტის პასუხი გუშინ, 18 ოქტომბერს
გვიან ღამით გახდა ცნობილი.
"ტიმოთესუბანში მცხოვრები ამჟამად იმყოფება სახლში,
თვითიზოლაციაში, როგორც მსუბუქი შემთხვევა. რაც შეეხება ექიმს, ის
ცუდად იყო და გადაიყვანეს კოვიდკლინიკაში. ზოგადად, ბრონქიტი აქვს ამ
ადამიანს, კორონავირუსიც დაემატა და მისი გადაყვანა ამიტომ გახდა
საჭირო. ამ ყველაფერს 112 არეგულირებს, მე არ ვარეგულირებ.
ტიმოთესუბანში მცხოვრებს დაახლოებით 28 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი,
ექიმს კი ოჯახში ორ წევრთან. ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია.
გატესტვით აღარავინ იტესტება. თვითიზოლაციაში გადადიან და თუ რაიმე
ჩივილი აქვთ, 112-ს უკავშირდებიან და მერე იტესტებიან. თუ ჩივილები არ
აქვთ, 12 დღის შემდეგ თავისუფლდებიან თვითიზოლაციისგან"
- აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, ბორჯომის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა
რატიანი.
რაც შეეხება მონაცემებს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით. რეგიონში ბოლო 24
საათში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 19 ოქტომბრის
მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კოვიდ-19 დადასტურებული აქვს 100
მოქალაქეს. თვითიზოლაციაში იმყოფება 413 პირი, ხოლო კარანტინში 582
ადამიანი.