"დღეს ტოვებს საავადმყოფოს" - ბორჯომელი კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა
ახალდაბაში მცხოვრები, კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა
გამოჯანმრთელდა.
ახალგაზრდა გორის ჰოსპიტალს დღეს დატოვებს და თბილისში ერთ-ერთ
სასტუმროში მოხდება მისი გადაყვანა.
"გუშინ და გუშინწინ გაუკეთეს ტესტი, ორივე შემთხვევაში პასუხი
უარყოფითი იყო. მე მინდოდა სახლში წამომეყვანა, მაგრამ გადაწყვიტეს
ცოტა ხნით სასტუმროში გადაიყვანონ თბილისში" - ამბობს
ტელეკომპანია "ბორჯომთან" ახალგაზრდა კაცის მამა.
30 წლამდე კაცის მამა ამბობს, რომ მისი შვილი თავს კარგად გრძნობს და
მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც აქამდე ჰქონია და არც
ახლა აქვს. ახალგაზრდა კაცი გორის ჰოსპიტალში 20 დღის განმავლობაში
იყო მოთავსებული.
ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დადასტურდა. ეს
იყო სამცხე-ჯავახეთში ვირუსის პირველი, დადასტურებული შემთხვევა.
ინფექცია ახალდაბაში მცხოვრებ ახალგაზრდას დაუდასტურდა.
23 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა ბორჯომის "ცხელების ცენტრში" მყოფ
კიდევ ერთ პირს, რომელიც დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო
სივრციდან შეიყვანეს.