ბორჯომში „ცხელების ცენტრი“ მომავალი კვირიდან გაიხსნება
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრი მომდევნო კვირიდან
ნახევრად იზოლირებული იქნება და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი
სიმპტომებით მისულ პაციენტებსაც მიიღებს.
ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები და შენობის ადაპტირება შესაბამისი
მოთხოვნების მიხედვით. საავადმყოფოს შენობას ექნება მეორე შესასვლელი,
სადაც „ცხელების ცენტრი“ იქნება მოწყობილი, მონტაჟდება პანდუსი და
ხდება შესაბამისი აღჭურვილობის განთავსება. ტელეკომპანია „ბორჯომი“
ცენტრის მენეჯერს ირაკლი დიასამიძეს ესაუბრა, რომელმაც დეტალურად
ისაუბრა იმ სიახლის შესახებ, რაც „ცხელების ცენტრის“ ამოქმედების
შემდეგ იგეგმება.
„სამედიცინო ცენტრის შენობა გახდება იზოლირებული. „სუფთა“
და „ნახევრად სუფთა“ ტერიტორიები იქნება. პაციენტი, რომელიც
ამბულატორიულად მიდის, მისთვის იქნება ცალკე შესასვლელი და ცალკე
მომსახურება, ხოლო, ცხელების ცენტრი იქნება ცალკე. კვეთა არ უნდა
მოხდეს ერთმანეთთან. ანუ, ინფიცირებულმა არ უნდა გაიაროს მეორე ზონა.
ამიტომ, ჩვენ, კლინიკის მარცხენა მხრიდან სადაც გეგმიური ამბულატორია
გვაქვს, პანდუსი გავუკეთეთ სპეციალურად, მოვაწყეთ შესაბამისად.
საშხაპეები იქნება პერსონალისთვის, რომ ასეთ პაციენტებთან კონტაქტის
შემდეგ შხაპი მიიღოს და გამოიცვალოს ტანსაცმელი. სუნთქვის აპარატი
დამონტაჟდება, ერთი ტრიაჟის ოთახი მოეწყობა, სადაც პაციენტი შემოვა,
ტრიაჟს მოახდენს ექიმი. შემდეგ, გადამისამართება მოხდება, კვლევას
ჩაუტარებს თუ მოათავსებს ადგილზე, ამას გადაწყვეტს შესაბამისად.
რენტგენს და ექოსკოპიას არანაირად არ ვეხებით. პორტატული აპარატებით
მოვემსახურებით, შიგნითვე შევიტანთ ამ აპარატებს. შენობაში,
მიმღებიდან მარცხენა მხარე იქნება გადატიხრული და იქ იქნება „ცხელების
ცენტრი“ - აცხადებს ირაკლი დიასამიძე.
ირაკლი დიასამიძის ინფორმაციით, „ცხელების ცენტრი“ დაახლოებით 5
პაციენტზე იქნება გათვლილი, მათ კი სამედიცინო ცენტრის ექიმები
გაუწევენ მომსახურებას და მკურნალობას. ცენტრის მენეჯერის თქმით.
პაციენტს, რომელსაც აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი
სავარაუდო სიმპტომები, თავდაპირველად რეკავს 112-ში, შემდგომ კი
მოხდება "ცხელების ცენტრში" მათთან გადამისამართება. ადგილზე მოხდა
არსებული ბრიგადის მობილიზება და შესაბამისი აღჭურვა.
„ოთხი ბრიგადა გვყავს მობილიზებული. მოხდა მათი აღჭურვა
და გადამზადება. იგივე 112-ის ოპერატორების ფუნქციას შეითავსებენ
ჩვენი სპეციალისტებიც. ანუ, თავდაპირველად, როცა მოქალაქე რეკავს
112-ზე, მისი ოპერატორი ამისამართებს ჩვენს ოპერატორთან, ჩვენები
გაუწევენ სატელეფონო კონსულტაციას: კონტაქტებზე, ტემპერატურაზე,
ავადობაზე, რა ხნის არის და რა ისტორია აქვს და თუ ჩათვალეს საჭიროდ
მოიყვანენ პირდაპირ, თუ არა და ან უბნის ექიმთან გადაამისამართებენ ან
ბინაზე მყოფს გაუწევენ რეკომენდაციას. თუ პაციენტი ადგილზე მოვა, ამ
შემთხვევაში ხვდება ტრიაჟის ოთახში, სადაც მოხდება შემოწმება და
შემდეგ გადაწყვეტენ ექიმები, დატოვებენ პაციენტს, თუ როგორი სახის
დახმარებას გაუწევენ. ორი ინფექციონისტი გვყავს, რომლებიც ჩართულები
იქნებიან ამ პროცესში, თუმცა მათთან ერთად იმუშავებენ სხვა პროფილის
ექიმებიც. ანუ, სამედიცინო ცენტრის ექიმები იქნებიან, მიმღების
თანამშრომლები და 4 დღეში ერთხელ იმორიგევებენ. ყოველდღიურად მოდის
ინსტრუქცია ჩვენთან თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში. ასე რომ
სრული მზადყოფნა იქნება ჩვენს ცენტრში“ - ამბობს ირაკლი
დიასამიძე.
"ცხელების ცენტრები" სამცხე-ჯავახეთის კიდევ სამ მუნიციპალიტეტში
ახალციხეში, ადიგენში და ახალქალაქში გაიხსნა. რეგიონში ამ დრომდე
კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.