საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება და დაამტკიცა უცხოური
სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა. მისი მოქმედება 2017 წლის 17
იანვარს დაიწყება და 2 თვეს გასტანს.
მთავრობის დადგენილებით, გალარების პროგრამის განხორციელება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს დაევალა.
მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა,
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედია საშუალებებისთვის
კომენტარი გააკეთა.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის
განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად,
საქართველოს მთავრობა უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც
მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე კრიტერიუმზე,
რომლის მიხედვითაც მთავრობა სესხების გალარების სუბსიდირებას
მოახდენს. მათ შორის, აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა
წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს 2015 წლის
განმავლობაში. გარდა ამისა, ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 40,000
აშშ დოლარის ფარგლებში. ამასთან, თუკი სესხი ამ თანხაზე მეტია,
მოხდება 40,000 აშშ დოლარის სუბსიდირება, დარჩენილი თანხა მსესხებლის
გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან
მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სტატისტიკურად ერთჯერადი
გალარების სუბსიდია შესაძლებელია დაახლოებით 33 ათას სესხს შეეხოს.
რაც შეეხება მსესხებლების რაოდენობას, მისი თქმით, მათი ოდენობა
დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმდება კონკრეტულ მსესხებლებზე
შემოსავლების და მიმართვიანობის რაოდენობა.
"საბოლოო ჯამში, პროგრამის მიზანია ვალუტის რყევების მიმართ
მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირება სესხების მომსახურების
ნაწილში, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას
აღარ გაეზრდება და შეუმცირდება ყოველთვიური გადასახადი, რასაც ისინი,
ვალუტის რყევის შემთხვევაში, სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში
იხდიდნენ," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.