ცენტრალური ევროპის ქვეყნებში რუსული ნავთობის მიწოდება განახლდება
სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის,
რიჩარდ სულიკის განცხადებით, ტრანზიტის საფასურის გადახდასთან
დაკავშირებული პრობლემის მოგვარების შემდეგ ევროპის რამდენიმე
ქვეყანაში “დრუჟბის” ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება უახლოეს
მომავალში განახლდება.
რუსულმა კომპანია „ტრანსნეფტმა“ სამშაბათს განაცხადა, რომ “დრუჟბას”
ნავთობსადენის სამხრეთ განშტოების გავლით ნავთობის მიწოდება შეაჩერა,
რომლის მეშვეობითაც ნავთობი უკრაინის გავლით მიეწოდება ჩეხეთის
რესპუბლიკას, სლოვაკეთსა და უნგრეთს. კომპანიის მტკიცებით,
ევროკავშირის სანქციების გამო ტრანზიტის საფასურის გადახდა არ
შეეძლო.
სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ გადახდებს სლოვაკური
კომპანია “სლოვნაფტი” დღეს განახორციელებს მას შემდეგ, რაც რუსული და
უკრაინული მხარეები ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ. “სლოვნაფტი”
უნგრულ კომპანია MOL-ის კუთვნილი კომპანიაა.
“მოველი, რომ ნავთობის მიწოდება რამდენიმე საათში განახლდება”, -
აღნიშნა სულიკმა.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთი პრაქტიკულად მთელ ნავთობს “დრუჟბას”
მილსადენის საშუალებით იღებს.