ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება
ოთხი წელია, რაც საქართველოში
ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირების რეფორმა ხორციელდება.
როგორ მუშაობს რეფორმა, რა მნიშვნელობა აქვს მის წარმატებით
განხორციელებას და რა საკანონმდებლო ცვლილებებია დაგეგმილი სისტემის
გასაუმჯობესებლად, ამ საკითხებზე ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის
- „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“, აღმასრულებელმა დირექტორმა
გიორგი შიოლაშვილმა ისაუბრა.
"ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით მილიონ ნახევარი ავტომობილია
რეგისტრირებული, 2021 წლის მონაცემებით კი, ტექინსპექტირება 732 000
ათასამდე ავტომობილმა გაიარა.
მილიონ ნახევრიდან შეიძლება ყველა არ გადაადგილდება გზებზე, მაგრამ
პრობლემად რჩება ის, რომ გარკვეული რაოდენობის ავტომობილი გზებზე
ტექინსპექტირების გარეშე მოძრაობს. ამასთან, ერთ-ერთი პრობლემა ის
არის, რომ დაბალია ჯარიმის ოდენობა და ავტომფლობელს ხშირ შემთხვევაში
ურჩევნია გადაიხადოს ჯარიმა, 50 ლარი იმის ნაცვლად, რომ ავტომობილი
ტექინსპექტირებაზე გაატაროს. ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 200 ათასი
ავტომობილი გადაადგილდება ტექინსპექტირების გარეშე და საფუძვლიანი
ეჭვი არსებობს, რომ ეს წარმოადგენს ყველაზე გაუმართავ ნაწილს იმ
ავტოპარკისა, რაც საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ავტოსაგზაო
შემთხვევებში, ვფიქრობთ, ასეთი ტრანსპორტის წილი საკმაოდ დიდია.
იმ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია შესული და შემოდგომაზე
განიხილება, პირველადი დაჯარიმებისთვის 50 ლარი რჩება, თუმცა ყოველი
შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება - ხდება 150 ლარი, შემდეგ 300
ლარი და ა.შ. შესაბამისად, ავტომფლობლისთვის ფინანსურად მომგებიანი
აღარ იქნება, რომ გზებზე ჯარიმების გადახდით იმოძრაოს და
ტექინსპექტირება არ გაიაროს. ვფიქრობთ, სისტემას ეს ძალიან წაადგება.
ჩვენი კავშირი აქტიურად მუშაობს სამთავრობო თუ არასამთავრობო
სექტორთან, ყველანი ვთანხმდებით, რომ ცვლილებები გარდაუვალია რეფორმის
განვითარებისთვის".