ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის გარკვეული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტროს
გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში
-ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან
დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე
პაციენტებისთვისაა საჭირო სრულად დაფინანსდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, წლის განმავლობაში, 25 000 ლარიანი ლიმიტის
ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები
დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის
შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება.
რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან
ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც
გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით.
ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება,
ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.
"დაწყებულია მომზადება ამ
გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებებზე
შესატანად, რაც უახლოეს დღეებში განხორციელდება. პარალელურად, ჩვენ
დაგვჭირდება იმაზე მუშაობის გაგრძელება, რომ ადგილი არ ჰქონდეს და
გამოირიცხებოდეს პაციენტების ინტერესებთან არათავსებადი გადახარჯვების
შემთხვევები" - აცხადებენ სამინისტროში.