ახალი ამბები
224 ხმით მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს
პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.

კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. 26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

"ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად იყო საკმარისი.

ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ადა მარშანიას ეკუთვნოდა კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან, რომელმაც განაცხადა რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის ასარჩევად 300-წევრიანი კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის ანუ სულ ცოტა 200 წევრის ხმაა საკმარისი.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.



ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში

კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია:

საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი];
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი];
პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.

კოლეგიის შემადგენლობაში არიან: ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ფერაძე და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი. 

პროცესის პარალელურად რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა. "აჩვენე დიპლომი ყაველაშვილს" " ჩემი შვილი, ხელი გაუშვი!" და სხვა.

პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იყო გამოცხადებული. პროცესის გაშუქების შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად ამ დღისთვის აკრედიტებულ ტელე- და ონლაინმედიას.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდა „პროვოკაცია“ და „პაროდია“. მან ასევე განაცხადა, რომ არსად არ მიდის.

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ლეგიტიმური პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. მანამდე კი, როგორც განმარტავს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის თავად დარჩება.

მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.