ახალი ამბები
ცესკოს თავმჯდომარე მანიპულაციურს უწოდებს ბრალდებას ვერიფიკაციის აპარატებით ხმების დუბლირებაზე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ეხმაურება ოპოზიციური პარტიების განცხადებას, რომელის თანახმადაც, არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება შეძლო.


გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ეს ბრალდება საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი წარმატებით განხორციელდა და ამას ადასტურებს საერთაშორისო ამერიკული აუდიტორული კომპანიის „პროვი ენდ ვის“ პირველი და მეორე ფაზების აუდიტის შედეგები:


„ჩვენ სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ შეხვედრა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიასთან, ამერიკულ კომპანიასთან „პროვი ენდ ვი“- სთან, რომელიც აშშ-ში აკრედიტებული კომპანიაა და რომელსაც არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს, არამედ ის თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების იმპლემენტაციას.

ჩვენ გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნისთანავე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის.

ის მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოს ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში, რაც იმთავითვე უსაფუძვლოა როგორც მინიმუმ, რომ ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ, როდესაც სიები სრულად აუდიტირებადი იყო და ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა ქვითრები და საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის, დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და მიუთითა იმაზე, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს“,
- აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.


საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, "კოალიციამ ცვლილებებისთვის", რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, განაცხადა, რომ ისინი ამუშავებენ რამდენიმე სქემას, რომლის თანახმადაც შეუძლიათ თქვან, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნების გაყალბება მოახერხა.

მათი განცხადებით, გაყალბების ერთ-ერთ მექანიზმად გამოყენებული იყო ვერიფიკაციის აპარატები. ანუ ის ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის მოწმობას და შესაბამისად, უბანზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველს აიდენტიფიცირებდა:


„ჩვენ ვამუშავებთ რამდენიმე სქემას და ერთ-ერთი, რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრატორებთან ერთად და მათ შორის, ბოლო სამი თვის განმავლობაში, როდესაც ის პირველად ართმევდა აიდი ბარათებს საკუთარ ამომრჩეველს, რითაც მოახდინა დაზუსტება საკუთარი ამომრჩევლის, მათი მონაცემის გაციფრულება და სხვადასხვა უბნებზე, ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩამატება. საშუალოდ 30-დან 50 ათასამდე ამომრჩეველს, მინიმუმ 4 უბანზე მისვლით შეეძლოთ გაეოთხმაგებინათ, ანუ 200 ათასი ამომრჩევლის შედეგი დაეფიქსირებინა.

ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ და ამ მიმართულებით აუცილებელია გარე აუდიტის გაკეთება, ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რათა დადგინდეს იმ აპარატში, ნამდვილად იყო თუ არა სხვა პირადობები შეყვანილი, რომლებსაც შეეძლოთ სხვადასხვა უბანზე მისვლა და ხმის მიცემა ისე, რომ ვერიფიკაციის აპარატს არ გამოეცა შესაბამისი სიგნალი. ვერიფიკაციის აპარატებს კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან, ამიტომ ის ვერ დაბლოკავდა, თუკი ამდაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამდაგვარი გადაწყვეტილება იყო მიღებული და რაც ამას გააქარწყლებს, არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აუდიტი, მაგრამ ამ აუდიტის შედეგების ლოდინს არ ვაპირებთ, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ, ადმინისტრატორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და თქვას, რა მოხდა“,
- ამბობს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სიის მეხუთე ნომერი, თენგიზ თევზაძე.


არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა".

პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.



არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია "ჩემი ხმა", რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, დღის განმავლობაში აღრიცხული დარღვევებისა და მანამდე წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ "არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას", შესაბამისად კოალიცია გააგრძელებს შედეგების ბათილობის მოთხოვნას.


ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 3100 უბნის (99.646%) წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 54,086%-ით ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – 10,923%.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.