ახალი ამბები
პარტიები და კოალიციები, ვინ მონაწილეობს ოქტომბრის არჩევნებში?


2024 წლის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 67 დღეა დარჩენილი.


პოლიტიკური პარტიები ახლა იღებენ მთავარ გადაწყვეტილებებს, ქმნიან გაერთიანებებს ან დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობას არჩევნებში.


არჩევნებამდე ორი თვით ადრე პოლიტიკური პარტიები ასე დაჯგუფდნენ:


#4 – „კოალიცია ცვლილებისთვის“

ამ ალიანსში ერთიანდებიან ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია „ახალი“, ასევე ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ელენე ხოშტარიას „დროა“ და "რესპუბლიკელები" რომლის თავმჯდომარეც ხათუნა სამნიძეა.
„ევროპულ საქართველოში“ მომხდარი განხეთქილების შემდეგ ოთხიანის გარშემო შექმნილ ალიანსს შეუერთდა პოლიტიკოსი ბესიკ დონაძეც.


#5 – „ერთიანობა“

„ერთიანობა“ - ასე ერქმევა ახალ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჯერ კიდევ გასულ წელს ჩამოაყალიბა საერთო პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად. „სტრატეგია აღმაშენებელი“ გიორგი ვაშაძის პარტიაა.

ივლისში ამ ორი პარტიის ბაზაზე დაფუძნდა პლატფორმა „ერთიანობა“, რომელსაც რამდენიმე უპარტიო პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე შეუერთდა, მათ შორის:
არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და დიპლომატი გია ჯაფარიძე
ასევე „ერთიანობას“ შეუერთდა „ევროპული საქართველო“, რომელსაც ახლა გიგი წერეთელი და აკაკი ბობოხიძე ხელმძღვანელობენ.


# 9 – „ძლიერი საქართველო“

კიდევ ერთი პოლიტიკური ალიანსი მამუკა ხაზარაძის „ლელოს“ გარშემოა გაერთიანებული.
„ლელოს“ უერთდება ახლადდაფუძნებული მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ რომელიც პირველ ივლისს დააფუძნა "აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ, ასევე გაერთიანებაშია ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“.

„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს.


#41 – „ქართული ოცნება

მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს „ქართული ოცნება“.
გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ წიაღში ბრუნდება „ხალხის ძალა“ – „ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც 2022 წელს მმართველ პარტიას გამოეყო, აჟღერებდა ანტიდასავლურ პოზიციებს და 2023 წელს „აგენტების კანონის“ ინიციატივით გამოვიდა.



არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

ამ მოცემულობით, დამოუკიდებლად იყრის კენჭს „გირჩი“, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის პარტია.

მას შემდეგ, რაც აპრილში საჯარო რეესტრმა ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეულ მოძრაობა „ალტ-ინფოს“ პარტიის რეგისტრაცია გაუუქმა, მოძრაობის ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ თქვა, რომ ისინი „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად გამოვლენ საპარლამენტო არჩევნებზე.

გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ახლად დაარსებული პარტია „ფედერალისტები“. საარჩევნოდ ახალი პარტიის დარეგისტრირება უკვე დაგვიანებულია, ამიტომ, „ფედერალისტები“ ამბობენ, რომ სექტემბრამდე შეატყობინებენ მხარდამჭერებს გეგმების შესახებ. ისინი ან რომელიმე ალიანსს შეუერთდებიან, ან თავად არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და საჯარო მხარდაჭერას გამოუცხადებენ რომელიმე ძალას.



წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.