"თითოეული ამომრჩევლის ხმა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა" - ოთარ არბოლიშვილი
ცესკოს წინასწარი შედეგებით,
ბორჯომში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ოთარ არბოლიშვილმა ხმათა
უმრავლესობით გაიმარჯვა.
ბორჯომის 31 საარჩევნო უბნის
წინასწარი მონაცემებით, ხმათა რაოდენობა პროცენტულად ასე
გადანაწილდა:
გივი ჯოლბორდს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნდობა
ამომრჩევლების 31,58% გამოუცხადა;
ოთარ არბოლიშვილს, "ქართული ოცნების" კანდიდატს კი მხარი ამომრჩეველთა
68,42%-მა დაუჭირა.
ცესკოს წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან, "ქართული ოცნების"
მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა, რომ თითოეული
მოქალაქის ხმა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
"ეს შედეგი ჩემთვის და "ქართული ოცნების" გუნდისთვის
მოსალოდნელი იყო. რა თქმა უნდა, ზუსტი ციფრების პროგნოზირება წინასწარ
რთული იყო, თუმცა მხარდაჭერა რომ გვექნებოდა ამომრჩევლების მხრიდან,
ამას წინასაარჩევნო კამპანიიდან და მოსახლეობასთან შეხვედრების დროს
ვგრძნობდით. ბორჯომში "ქართულმა ოცნებამ" მხარდაჭერა მოიპოვა როგორც
პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სიის მიხედვით. თითოეული ხმა ჩემთვის
არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა" - აცხადებს ოთარ
არბოლიშვილი.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბორჯომში კენჭს მერობის
ორი კანდიდატი იყრიდა, მმართველი გუნდიდან ოთარ არბოლიშვილი, ერთიანი
ნაციონალური მოძრაობიდან კი გივი ჯოლბორდი.
წინასწარი მონაცემებით, ბორჯომში, "ქართულმა ოცნებამ" ხმების 55,98%
დააგროვა. ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 24,15% მიიღო.