არჩვნები 2020
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან
დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო
ბრიფინგი გაიმართა.
კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ
მედიას ინფორმაცია ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მიაწოდა.
"17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების
მეორე ტური იმართება და ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების
მეორე ტური ტარდება.
დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის
არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში
კი, სადაც ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები ორ
ბიულეტენს მიიღებენ.
ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უნდა იმყოფებოდეს პირბადით;
მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას
აღნიშნულით. ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა
იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების
შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა
საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე გადაეცემა
ინდივიდუალური მოხმარების კალმისტარი.
ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია
გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის
შესავსები ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის
ადაპტირებულია 659 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური
ხმის მიცემის კაბინებით.
აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, რომ მათ საარჩევნო უბნის
დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს
ვებგვერდით. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს
სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად
იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51
00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი.
ჩვენ დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის
მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მომდევნო
საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც ასევე გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას
12:00 საათის მდგომარეობით, პირველის ნახევარზე გაიმართება", -
განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა ამის
მიუხედავად, მათი კანდიდატები ბიულეტენებში მაინც რჩებიან
გააზიარეთ :