არჩვნები 2020
რას ითხოვენ ბორჯომში ახალგაზრდები და როგორია კანდიდატების ხედვა
ბორჯომი, რომელიც ტურისტული ქალაქია, შედარებით აქტიური ზაფხულში ხდება. მაშინ როდესაც კურორტს დამსვენებლები სტუმრობენ. გამოცოცხლებული ქალაქი სხვა სეზონებზე დუნდება და პასიურ ფაზაში გადადის. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სეზონზე უფრო ხალხმრავლობაა, აქ განტვირთვის კუთხით ახალგაზრდებისთვის დიდი არჩევანი არ არის.

უნდა ითქვას ისიც, რომ არ არსებობს სტატისტიკა ან კვლევა იმის შესახებ, თუ რამდენი ახალგაზრდა ტოვებს რეგიონს და გადადის თბილისში. თუმცა, ძირითადი მიზეზი უმაღლესი განათლება და დასაქმების დიდი არჩევანია, რის გამოც ბორჯომელი ახალგაზრდების უმრავლესობაც დედაქალაქში რჩება საცხოვრებლად. მშობლიურ ბორჯომს ისინი დროებით ზაფხულში უბრუნდებიან , თუმცა ფიქრობენ, რომ ამ ქალაქში მათთვის გასართობი ადგილების ნაკლებობაა.

დედაქალაქში წასულ ახალგაზრდებს შორისაა ქეთი აბრამაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მათთვის განტვირთვის ერთადერთი ადგილი ბორჯომის ცენტრალური-ისტორიული პარკია, სხვა გასართობი კი აქ არაფერია.





ქეთი, იმ კინოთეატრის აღდგენას ითხოვს, რომლის შენობაც ამავე პარკშია და წლებია უფუნქციოდაა დატოვებული.




ქეთისგან განსხვავებით, გოგი ხუციშვილი თბილისში სწავლის დასრულების შემდეგ, ისევ მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა და ცდილობს კარიერა ამ პატარა ქალაქში მოიწყოს. გოგი, უკვე წლებია ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს და დაინტერესებულია მუსიკით. მღერის ადგილობრივ ანსამბლში „ოქტავა“. თავისუფალ დროს ცდილობს სიმღერა ჩაწეროს და ვიდეო რგოლი გადაიღოს. ამ ყველაფრისთვის მას მაღალი ხარისხის აუდიო-ვიდეო სტუდია სჭირდება, რისთვისაც წასვლა თბილისში უწევს.




მისი აზრით, კარგი იქნება თუ ადგილზე ექნებათ ახალგაზრდებს საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება. ამ შემთხვევაში ნაკლებად მოხდება ადგილობრივი ახალგაზრდების შიდა მიგრაცია თბილისში ან სხვა დიდ ქალაქებში.

გოგი ფიქრობს, რომ ადგილზე ისეთი ტექნიკური რესურსის შექმნა, რომელიც ერთდროულად იქნება თან შემსწავლელი და თან გამოსაყენებელი, ახალგაზრდების მშობლიურ მხარეში დარჩენას შეუწყობს ხელს.




სწავლა და დასაქმება, რომ ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ყველაზე მეტად მაღალმთიან ზონაში იგრძნობა, მითუმეტეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ბალანთა, ტაბაწყურის თემში შემავალი ერთ-ერთი სოფელია. ისევე როგორც მთელ თემში, ამ სოფელშიც მთავარი საქმე სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობაა. მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მაღალმთიანი ზონა წლის მანძილზე თითქმის 7-8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია გარე სამყაროს. აქაურ ახალგაზრდებს კი ბორჯომამდე გასვლის და დასაქმების საშუალება არ აქვთ. მათი ძირითადი სამსახური მიწაზე მუშაობა და პირუტყვის მოვლაა.







ვინც სოფლის ცხოვრებას ვერ ეგუება და განვითარება სურს, ცდილობს აქაურობას გაექცეს და თავის დამკვიდრება ქალაქში სცადოს. სწორედ ასე მოიქცა გიორგი მაღრაძე, რომელიც ოჯახთან ერთად სოფელ ბალანთაში ცხოვრობდა. მისი და უმაღლესი განათლების მისაღებად ახალქალაქში გადავიდა, რადგან ეს სოფელი ამ ქალაქს უფრო მეტად ესაზღვრება. გიორგიმ კი დაახლოებით 3-4 წლის წინ მშობლიური მხარე დატოვა და თბილისში გადავიდა. ახლა დედაქალაქშია დასაქმებული და სოფელში ხანდახან ბრუნდება ოჯახის სანახავად .





სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ხედვა, ახალგაზრდების საჭიროებების საპასუხოდ:


სურვილები, მოთხოვნები და ინიციატივები ახალგაზრდებისგან მრავალფეროვანია. თუმცა, საინტერესოა რამდენად მრავალფეროვანია მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველთა ხედვებიც. პარლამენტში მოსახვედრად და მანდატის მოსაპოვებლად, 14 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. მაჟორიტარულ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 13 მსურველს შორის მოუწევს, თუმცა სანამ 31 ოქტომბერს ამომრჩეველი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შევეცადეთ რამდენიმე მათგანის ხედვა გაგვერკვია ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. რას გააკეთებდა თითოეული მათგანი, მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, გთავაზობთ მათ პასუხებს:




„თუ ამირჩიეს, მე ვიქნები პარლამენტის წევრი, კანონმდებელი. ახალგაზრდების პრობლემები იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება: უნდა მოეწყოს ლიტერატურული კაფეები, ასევე გაიმართოს დისკოტეკები, რომ ამისთვის დიდ ქალაქებში არ იარონ ახალგაზრდებმა, უნდა განვითარდეს ბორჯომში კლუბური ცხოვრება. რა თქმა უნდა, კინოთეატრი უნდა არსებობდეს, ასევე ჩამწერი სტუდიები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ბიზნესმა უნდა გააკეთოს და ჩვენ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ კერძო სექტორს. აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში მუნიციპალიტეტიც, რომ თავიანთი ქალაქის ახალგაზრდები დატოვონ ადგილზე და სხვაგან აღარ გაუშვან. ასევე აუცილებელია, მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს გავუხსნათ გზა, რადგან ისინი უფრო კრეატიულები არიან და უფრო კარგი იდეები აქვთ. რაც შეეხება დასაქმებას. ამისთვის უნდა ჩატარდეს კონკურსი და არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა, რაც ერთგვარი დისკრიმინაციაა. უმთავრესია, არ ავირჩიოთ ნეპოტიზმი, კადრი არ ავიყვანოთ სამსახურში იმიტომ, რომ ნათესავია. არა! უნდა ავირჩიოთ პროფესიონალი, რომ რეალურად საქმე გაგვიკეთონ“ - გვეუბნება ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხის ოლქში ზურაბ ჩილინგარაშვილი.


“პირველ რიგში, კვალიფიციურმა კადრებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და შესაბამისი მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მათი დანიშვნა შესაბამის პოზიციებზე და არა ნეპოტიზმით, ნაცნობობით, ბიძაშვილ-მამიდაშვილობით და ა.შ. ეს პრინციპი უნდა იყოს როგორც საჯარო ასევე კერძო სამსახურებში. არჩევის შემთხვევაში, მერიასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებოდი, თითოეული პროექტის განხილვაში და ახალგაზრდების მოთხოვნებს გავითვალისწინებდი. ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე უპირატესობას მივანიჭებდით ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტულ საკითხებს და მხარს დავუჭერდით. რაც შეეხება ბორჯომის კინოთეატრს. პირველ რიგში უნდა გაირკვეს რამდენად აკმაყოფილებს მოთხოვნებს ეს კინოთეატრის შენობა და იქ არსებული ინფრასტრუქტურა, შემდეგ უნდა მოხდეს პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება, რომ ესტუმრონ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენად მოხდება ამ ღონისძიებების დაფინანსება, ამაზეც ვიმსჯელებთ, განვიხილავთ, რომ დავაკმაყოფილოთ ახალგაზრდების მოთხოვნები. პროფესიული სასწავლებლის შემთხვევაშიც, შესასწავლია პედაგოგიური კოლექტივი, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა. ჩვენ მოვუსმენთ თითოეულ მოსაზრებას. შევაფასებთ რისკებს. რა თქმა უნდა, თუ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ბორჯომში იფუნქციონიროს პროფესიულმა სასწავლებელმა, იქნება კარგი ახალგაზრდებისთვის. უნდა მოხდეს სოფლების განვითარება თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე და ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ საკუთარი ინიციატივები განახორციელონ თემში და შეძლონ სოფლის მეურნეობის განვითარება“
-ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხის ოლქში ვაჟა ჩიტაშვილი.


„საკურორტო ქალაქს მხოლოდ ბალნეოლოგიური დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს. ამასთან ერთად უნდა არსებობდეს გასართობი ცენტრი, ჩამწერი სტუდია და ყველანაირი რესურსი. არჩევის შემთხვევაში ვიქნები პარლამენტარი და ჩემი მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელი და ჩემი მიზანი იქნება, გამოვიყენო ეს მონიჭებული მანდატი და ტრიბუნიდან თამამად ვისაუბრო პრობლემებზე, ასევე გავაკონტროლო და მოვთხოვო მუნიციპალიტეტს, რომ შექმნას ამგვარი პირობები, ახალგაზრდების მშობლიურ ქალაქში დასარჩენად. ჩემი აზრით, ყველა ეს პრობლემა ჯაჭვურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მაგალითად: ბორჯომში თუ აღდგება კინოთეატრი, იქ დასაქმდება მომსახურე პერსონალი, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ მაღალმთიანი ზონა, რომელიც ძირითადად ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული, ფაქტობრივად იცლება. უნდა მოხდეს მოსახლეობის სტიმულირება. ენობრივი ბარიერი არის საკმაოდ დიდი გამოწვევა. საუბრისას, კომუნიკაცია ძირითადად რუსულ ენაზე გვიწევს, ამიტომ კარგი იქნება ამ საკითხსაც ყურადღება მიექცეს, განვითარდეს ენის პალატა, რომ ხალხმა ელემენტარულად ქართული ენის შესწავლა შეძლოს. იგივე ნაბიჯები და ძალისხმევაა საჭირო დასაქმების კუთხითაც“
- აცხადებს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხის ოლქში დავით გოგიჩაიშვილი.


„თუ იქნება მოთხოვნა და საფუძველი, ჩვენ მივმართავთ განათლების სამინისტროს, რომ აუცილებელია ბორჯომში პროფესიული სასწავლებელი. ახალგაზრდების მოთხოვნები კარგად გამოიკვეთება ხოლმე მათთან შეხვედრების დროს. ჩამწერ სტუდიას რაც შეეხება, ეს არის კერძო სექტორის გასაკეთებელი, რადგან ამას სახელმწიფო ვერ გააკეთებს. თუ ექნება იდეა ვინმეს ამის განხორციელების, მე პირადად ვიქნები შუამავალი ბიზნესთან და ასევე თუ იქნება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, მე გავუწევ ამ საკითხს ლობირებას. კინოთეატრთან დაკავშირებით, ადგილობრივ მერიასთან გვექნება საუბრები, რადგან გვინდა რაც შეიძლება მეტი დასასვენებელი, გასართობი სივრცე შეიქმნას ახალგაზრდებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრით და საუბრით, აქამდე მე რა დაპირებაც გამიცია, ყველაფერი შემისრულებია. 22 წელია ბიზნესში ვარ და ამ პრინციპით მიმუშავია აქამდე, იგივეს ვაპირებ პოლიტიკაშიც. ახლა ვარ კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში უფრო მაღალი ტრიბუნა და მეტი თხოვნები მექნება. დასაქმების პრობლემა ყველას აწუხებს და ყველა ამ კითხვას სვამს. მოდით შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში ხალხს ასაქმებს ბიზნესი და არა სახელმწიფო. სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, შეუქმნას ბიზნესს და მოქალაქეებს პიროებები იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ როგორც სამეწარმეო, ასევე დიდი ბიზნესის წარმოება, მისი განვითარება და შემდგომ, ჩვენც დავასაქმოთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი. მაღალმთიან ზონაში, ცალსახად უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. მე ვპირდები მოსახლეობას, ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში მოსახლეობას ექნება უფრო მეტი წვდომა არსებულ პროგრამებზე. ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ ხშირად ენობრივი ბარიერის პრობლემა და ჩვენ მაქსიმალურად დავეხარებით მათ, რომ შემოთავაზებული პროგრამები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სამცხის ოლქში ანტონ ობოლაშვილმა.



ეს არის იმ ოთხი კანდიდატის ხედვა, რომელიც კენჭს სამცხის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. 13 კანდიდატიდან, რეალურად ვის გამოუცხადებს ამომრჩეველი ნდობას და რომელი მათგანი მოიპოვებს მანდატს პარლამენტში მოსახვედრად, ამას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს. შემდგომში, ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულ კანდიდატს მოუწევს გაცემული დაპირებების შესრულება და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების მხარდაჭერა. გამარჯვებული მაჟორიტარი, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, ანუ პარლამენტში 4 წლის განმავლობაში იმუშავებს ქვეყნისთვის და სამცხის მაჟოროტარული ოლქის ამომრჩევლებისთვის.





Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.