არჩვნები 2020
დისტანციური სწავლება, სოფლები ინტერნეტის გარეშე და დეპუტატობის კანდიდატების ხედვები სამცხეში
კორონავირუსის პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა ზეგავლენა განათლების სისტემაზეც მოახდინა. მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, მოსწავლეები და სტუდენტები სრულფასოვან განათლებას ვეღარ იღებენ. ხშირ შემთხვევაში მიზეზი ტექნიკური ხარვეზებია.
გაუმართავი პროგრამა, უხარისხო ინტერნეტი და სოფლები ინტერნეტის გარეშე - ეს ის პრობლემებია, რომლებიც თან ახლავს ონლაინ სწავლებას და გავლენას ახდენს სწავლების ხარისხზე.

ნია სამსონიძე სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა. კომპიუტერი სკოლაში აჩუქეს, თუმცა ონლაინ სწავლებისთვის, უხარსხო ინტერნეტის გამო, ვერ იყენებს.



ნია სამსონიძე

ნიას დედა, შორენა გელაშვილი ამბობს: „ინტერნეტი გვაქვს, მაგრამ არ არის კარგი, არ აქვს სიხშირე. ბავშვი ვერ ახერხებს სწავლას, ხანდახან საერთოდ არ არის და ითიშება“.

ბორჯომის მაღალმთიან სოფელ ტაძრისში ინტერნეტის ქსელის გაყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ადგილობრივები ინდივიდუალურად ცდილობენ ინტერნეტთან წვდომას, რაც ძვირი და უხარისხოა.


ანი დავიდიანი თსუ-ს პირველი კურსის სტუდენტია. კორონავირუსის პანდემიამ მისი სწავლების რეჟიმიც შეცვალა. ლექციებმა აუდიტორიიდან ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ანის ცოდნის მიღებაც ინტერნეტზეა დამოკიდებული, რასაც ხშირად ხარვეზები ახლავს თან.

ტექნიკური პრობლემების გამო ხანგრძლივდება სწავლების დრო. ანი თვლის, რომ ონლაინ ლექციებმა სტუდენტებს ახალი გამოწვევები შეუქმნა. ლექტორთან კომუნიკაცია მონიტორს მიღმა, აუდიტორიაში ერჩივნა.



ანი დავიდიანი

„ხშირად არის ხოლმე ტექნიკური პრობლემა. ზოგჯერ პროგრამა იტვირთება და ამიტომ შეიძლება გაჭედოს. შემდეგ თავიდან გვიწევს ჩართვა, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. ასე კი იკარგება დრო.

ასევე სირთულეა ის, რომ ლექტორს ისე კარგად ვერ ეკონტაქტები. ამდენი ბავშვია. აუდიტორიაში უფრო თავისუფალი ხარ, აქ არ გინდა რომ შეაწყვეტინო და მერე შენს გამო რამე პრობლემა წარმოიქმნას“
-ამბობს ანი.


თეონა ჯიქიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ონლაინ ლექციებზე უპრობლემოდ ჩართვას ისიც ვერ ახერხებს. თეონა სოფელ ჭობისხევში ცხოვრობს, სადაც არცერთი ინტერნეტ პროვაიდერი დღემდე არ არის. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესს არ ჩამორჩეს, მეგაბაიტებს ყიდულობს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.



პანდემიის პერიოდში, მაშინ, როცა სწავლა და მუშაობა მოქალაქეებს დისტანციურად სახლიდან უწევთ, ინტერნეტი ყველაზე მოთხოვნადი, ინტერნეტიზაციის საკითხი კი აქტუალური გახდა. IDFI-ის ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთში ინტერნეტის დაფარვის სიმკვრივე 59%-ს შეადგენს. პრობლემაა ინტერნეტის ხარისხიც. ორგანიზაციის მკვლევარის დავით ერისთავის თქმით, დაბალსიჩქარიანი ინტერნეტია ძირითადად სოფლებში, ხოლო ბორჯომსა და ბაკურიანში, რომლებიც საკურორტო ზონებია და გამოირჩევა სასტუმროების სიმრავლით, დაფარვა აქ შედარებით მაღალია.


„ბორჯომის და ბაკურიანის გარეთ, სოფლებში და პატარა დაბებში გვაქვს საკმაოდ სავალალო მდგომარეობა. დაფარვის სიმკვრივე არ აჭარბებს 60%-ს. ეს არის წმინდა ეკონომიკური მოვლენა. კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიებს არ უღირთ ისეთ დასახლებებში ინფრასტრუქტურის გაყვანა და ინვესტიციის ჩადება, სადაც მოსახლეობა არის ცოტა. რადგან, ნაკლებად აქვს ამ ინვესტიციის ამოღების იმედი. ამიტომ, ამ მხრივ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო“ - აცხადებს დავით ერისთავი.





ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც მთავრობის დაპირებით 2016 წელს უნდა დაწყებულიყო შეჩერდა. პროექტში ცვლილებები 2020 წლის იანვარში შევიდა. ამ ცვლილებების თანახმად, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ერთიანი, ნეიტრალური ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა. თავად ამ პროექტის განხორციელებაზე კი პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ 2015 წელს დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირი, Open Net-ი იქნება.

ქვეყნის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი Freedom House-ის ანგარიშშიც მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის ქვეყანაში ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას აშენებს.

,,ახალი სტრატეგიის მიღებას წინ უსწრებდა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ 2019 წელს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების ტემპით უკმაყოფილო იყო. ამ პროექტის განხორციელება მთავრობამ 2014 წელს დაანონსა, როდესაც გაკეთდა განცხადება, რომ 2000 დასახლებული პუნქტისთვის ინტერნეტის მიწოდებისთვის თავად შექმნიდა და ააშენებდა ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას. $150-მილიონიანი პროექტის დაფინანსება კი მთავრობის განცხადების მიხედვით, ქვეყნის ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ქართუ ფონდს უნდა მოეხდინა. თუმცა, Open Net-მა ამ პროექტის განხორციელების მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწია და როგორც 2019 წელს ქართული საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ, პროექტის შედეგები ნულთან ახლოს იყო,”- ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.


წინასაარჩევნოდ კანდიდატები მოსახლეობასთან უხვად გასცემენ დაპირებებს  და  არაერთი საკითხის მოგვარებას პირდებიან. დავინტერესდით რამდენად იცნობენ  ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და თუ შედის მათ  გეგმებში გზა არსებული პრობლემების მოგვარებისა  და ინტერნეტის გარეშე დარჩენილი რეგიონის სოფლების ინტერნეტიზაციისათვის. ჩვენ ამ კითხვით სამცხის ოთხ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მივმართეთ, თუმცა კონკრეტული პასუხი და კონკრეტული გეგმა ამ პრობლემის მოგვარებისათვის ვერც-ერთი მათგანისგან ვერ მივიღეთ.  კანდიდატები ჩვეულებისამებრ ზოგადი დაპირებებით შემოიფარგლებიან.


,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ამბობს, რომ ახლანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა, რადგან განათლებული ახალგაზრდები და მომავალი არის განვითარება. რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება, რომ იყოს ფუნდამენტალური, ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლება ქვეყანაში.

რაც შეეხება ონლაინ სწავლებას, მმართველი გუნდის კანდიდატი თვლის რომ გასათვალისწინებელი და დასაცავია ის რეგულაციები და რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს.

,,ონლაინ სწავლებით მიღებული განათლება არ იქნება ისეთი ეფექტური როგორიც საკლასო ოთახში და აუდიტორიაში მიღებული განათლება. თუმცა პანდემია არის პანდემია, აქ უმთავრესი არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ბევრ სოფელში გვხვდება გარკვეული პრობლემა ინტერნეტთან დაკავშირებით. ეს არის ცუდი, იმიტომ რომ ბავშვები ვერ ღებულობენ სრულყოფილ განათლებას. ინტერნეტის დაბალი სიჩქარის გამო. ბევრ სოფელში არ არის ბოჭკოვანი ინტერნეტი და .ა. შ.

ჩემი უპირველესი ამოცანა არჩევნების შემდგომ იქნება, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტების ყველა სოფელში იყოს წვდომა ხარისხიან ინტერნეტზე.

ყველა სოფელსა და ქალაქში უნდა გვქონდეს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. არა მარტო ონლაინ სწავლებისთვის არამედ, ინფორმაციული წვდომისთვის. აუცილებელია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველა სოფელში. იმედი მაქვს, რომ პანდემიას მალე გავაცილებთ და აღარ იქნება ონლაინ რეჟიმში სწავლების გაგრძელების საჭიროება“.





,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშიას’’ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ ახალმა მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. ეს ეხება სამუშაო ადგილებს, სკოლას, საგანმანათლებლო დაწესებულებებს. რაც შეეხება კონკრეტულად დისტანციურ სწავლებას:

,,არ მიგვაჩნია, რომ ამ ფორმით სრულყოფილ განათლებას მიიღებენ ბავშვები თუ სტუდენტები. ვფიქრობთ ეს საკითხი უნდა გადაიხედოს, შემუშავებული უნდა იქნას ისეთი მეთოდები და მიდგომები, რომ ბავშვებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება. განსაკუთრებით იმ სოფლებში სადაც არ არის ინტერნეტი და დისტანციური სწავლება არ იძლევა ადამიანისთვის სრულყოფილი განათლების მიღების საშუალებას.

გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ და შევამციროთ დაავადების ზრდის ტემპი. ეს არის მთავარი და როცა ზრდის ტემპი შემცირდება სკოლაც და ყველა დაწესებულება დაუბრუნდება თავის ადგილს და ჩვეულებრივ რიტმში გააგრძელებენ მუშაობას“.





პარტია ,,თავისუფლება -ზვიად გამსახურდიას გზის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიადტს ზურა ხუციშვილს იმედი არ აქვს, რომ რაიმეს შეცვლას შეძლებს პარლამენტში :

„ჩვენ პარლამენტში დიდი უმრავლესობით უნდა შევიდეთ, რომ რამე კანონი მივიღოთ და ცვლილებები შევიტანოთ. ჩემი ერთი და ორი ხმა მაგას ვერ ცვლის. ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობის ინიციატივები მივიტანოთ მთავრობაში.
ყველაზე დიდი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობას და განათლებას.

კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციებია და ჩვენ ახალ ველოსიპედს ხომ არ გამოვიგონებთ. რაც დანერგილია მთელ მსოფლიოში როგორმე საქართველოს უნდა მოვარგოთ.

ჩვენ ხომ არ მოვატყუებთ ხალხს. ხომ არ ვეტყვით რომ მე ამას შევცვლი. ამას მე როგორ შევცვლი. ვინც არის უმრავლესობა, შეცვლის ის’’.



,,ლელო-მამუკა ხაზარაძის“ კანდიდატი იზო ლომიძე: ,,მარტში პანდემიის პირველი დარტყმა მოულოდნელი იყო. შემდეგ კი ზაფხულში, როცა გადაიარა ვიდრე სწავლა დაიწყებოდა ამის მობილიზება შეიძლებოდა, სკოლების, ინსტიტუტების, სასწავლებლების.

მე ვფიქრობ, არასწორი მენეჯმენტით მოხდა, რომ ისევ ონლაინ რეჟიმში უწევთ სწავლება. ეფექტი ონლაინ რეჟიმში ნაკლებია ვიდრე სკოლაში და ინსტიტუტებში. ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო ზაფხულის პერიოდში.

მე მაგალითად ონლაინის პროცესს გადავიტანდი ისევ სკოლებში. მოვაწესრიგებდი ჰიგიენურ მდგომარეობას, დაცულობას, დისტანციურ ურთიერთობას რასაც გვთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო. ონლაინ რეჟიმს შევცვლიდი სწავლებით სკოლებსა და ინსტიტუტებში.

ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ქართული განათლება არის ევროპული განათლების სტანდარტით. უფრო თანამედროვე, უსაფრთხო დაცული და დეპოლიტიზირებული უნდა იყოს სკოლა.

განათლების სფეროში მაქსიმალური თანხები უნდა დაიხარჯოს და დავხარჯავდი თუ ამის შესაძლებლობა მომეცემოდა’’.





Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.