მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები საჯარო მოხელეებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ - ISFED
"სამართლიანმა არჩევნებმა" დღეს მეორე ტურის წინასაარჩევნო
მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია
29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოების" შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
ტურის წინ ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ზეწოლისა და მუქარის
ფაქტებმა.
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება სხვადასხვა
მუნიციპალიტეტებში როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის
ორგანოებში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე და სხვა
მოწყვლად ამომრჩეველზე.
ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი
თანამდებობის პირები სისტემატიურად მართავენ შეხვედრებს საჯარო
მოხელეებთან, რა დროსაც მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას
მოითხოვენ. რიგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სამსახურიდან
გათავისუფლების მოთხოვნას.
"აღნიშნული ფაქტები გარდა ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარისა,
წარმოადგენენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც, რადგან
უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ზეწოლა მაღალი თანამდებობის პირების
მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით
ხორციელდება", - ნათქვამია მონიტორინგის შედეგების ამსახველ
ანგარიშში.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ფიზიკური
დაპირისპირებების ფაქტებიც გამოვლინდა, რასაც არ ჰქონია ადგილი
პირველი ტურის კამპანიის მიმდინარეობისას. გამოვლინდა ოპოზიციური
პარტიის აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებზე ფიზიკური ძალადობის ოთხი
შემთხვევა, ერთ შემთხვევაში კი პირს ფიზიკურად გრიგოლ ვაშაძისთვის
ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ.
ასევე დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების
ფაქტები, რასაც ასევე არ ჰქონია ადგილი პირველი ტურის
კამპანიისას.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:
ზეწოლა/მუქარის 40; საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის - 1;
სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3;
ფიზიკური დაპირისპირების - 5; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 13;
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 14; წინასაარჩევნო
კამპანიისთვის ხელის შეშლის - 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6
და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.