სახალხო დამცველი ახალქალაქში მომხდარ ფაქტს ეხმაურება
სახალხო დამცველი მოუწოდებს არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს,
გააცნობიერონ პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა
და თავი შეიკავონ პროვოკაციული
ქმედებებისა და ძალადობისგან, - ამის შესახებ სახალხო დამცველის
განცხადებაშია ნათქვამი,
ომბუდსმენი განცხადებით ეხმაურება ახალქალაქში მომხდარ ინცინდეტს და
აცხადებს, რომ ძალადობის ჩამდენი ყველა პირი უნდა იქნას
იდენტიფიცირებული და დასჯილი:
"გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის
საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ. გიორგი ვაშაძის მითითებით,
შტაბთან გამოცხადებულ თავდამსხმელებს შორის "ქართული ოცნების"
დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის წევრი იყო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი
ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ
და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ ქვეყნის
დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
შესაბამისად, აუცილებელია მოხდეს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის
დროული იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ
ღონისძიებათა გატარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოძიების
პროცესში შეფასება მიეცეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობას და
საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს არჩევნების პროცესში ჩართულ
ყველა მხარეს, გააცნობიერონ ამ პროცესის კონსტრუქციულ გარემოში
ჩატარების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და
ძალადობისგან", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.