იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან მიმართებით
გვაქვს ზრდა როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის კუთხით, -
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრეიძემ პრესკონფერენციაზე
განაცხადა. მისი განმარტებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%-იდან
დაახლოებით 25,3%-მდე გაიზარდა.
„იანვრის მეორე კვირაში 219 მიმართვანობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე,
ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. ასევე 3%-ით მომატებულია ჰოსპიტალოზაციის
მაჩვენებელი საავადმყოფოებში, მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ეს
მაჩვენებელი 22%-იდან, დაახლოებით, 25,3%-მდე გაიზარდა. მაგრამ ორივე
ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში,
შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული. გრიპის
სეზონი გრძელდება მარტის ბოლოს,ან აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ,
ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია,
რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის პრევენციისა და
პროფილაკტიკისთვის იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის 96900 ადამიანია აცრილი გრიპის
ვირუსის წინააღმდეგ და ქვეყანას კიდევ აქვს ვაქცინის საკმარისი
მარაგი.
„ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა და მოთხოვნილება
ვაქცინაციაზე, რომელიც გახლავთ უპირველესი პრევენციული საშუალება და
მეთოდი გრიპის პროფილაქტიკის. წელს ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ადამიანი
ავცერით, ვიდრე გასულ წელს. ახლა უკვე აცრილია დაახლოებით 96900
ადამიანი, ჯერ კიდევ გვაქვს ვაქცინების მარაგი და კიდევ ერთხელ
მოვუწოდებ მაღალ რისკჯგუფებს, განსაკუთრებით, ორსულებს, რომ
ისარგებლონ ვაქცინაციით.
ქვეყანაში საკმარისია ანტივირუსული პრეპარატების მარაგი. ისინი
გაიცემა საავადმყოფოებში, ის სრულიად უფასოა და სავაადმყოფოებს ამისი
სერიოზული მარაგი აქვთ. ის გაიცემა მინისტრის 30 დეკემბრის ბრძანებით,
ორსულებსა და სოციალურად დაუცველებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ცენტრების საშუალებით, ექიმის დანიშნულების მიხედვით. ამ დროისთვის
დაახლოებით 200-მდე ადამიანზეა გაცემული და მათ შორის ჭარბობენ
ორსულები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
„ვაწარმოებთ მუდმივ მონიტორინგს, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებენ
ქვეყანაში. გასულ კვირაში პრევალირებს B ტიპის გრიპის ვირუსი,
დაახლოებით 76%-ში გვაქვს B ტიპის გრიპი. დაახლოებით 6%-ში გვაქვს A
ტიპის გრიპის H1 ქვეტიპი. გამომდინარე ეპიდსიტუაციიდან ჩვენ არ ვთვლით
მიზანშეწონილად, რომ გახანგრძლივდეს არდადეგები ან შეწყდეს სწავლის
პროცესი“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.