საზოგადოება
გარდაბანი არ ჩაიკეტება, რეგიონში გაფართოებული ტესტირება დაიწყება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბანში მოსახლეობას გაფართოებული ტესტირება და თერმოსკრინინგი ჩაუტარდება, გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია.

"გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თერმოსკრინინგის გადაწყვეტილებაა მიღებული გაჩიანის შესასვლელში და დასახლებულ პუნქტებში და ასევე მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების ამ რეგიონში", - განაცხადა გამყრელიძემ. მისი  თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა სასურსათო ბაზრობაზე აქტიურად მუშაობს და აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გამკაცრება.

"გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ დაახლოებით 1077 ადამიანი. 24 კორონავირუსზე პოზიტიური იყო. 84 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. ცოტა რთულია მოსახლეობასთან ურთიერთობა - კარანტინში გადაყვანა რთულდება. დილის 8 საათიდან დაიწყო გაფართოებული ტესტირება გარდაბნის სოფლებში. 6 ბრიგადა მუშაობს სოფელ ყარაჯალარში.

გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა სრულად მოვიცვათ ადამიანები. სადაც იდენტიფიცირებული იქნება ინფექცია, გადაყვანილები იქნებიან სამკურნალოდ, რათა დროულად ჩავახშოთ მცირე ეპიდაფეთქება.
არ მივცეთ ინფექციას გავრცელების საშუალება, რამეთუ, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან. მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობებზე- ლილოს ბაზრობა, დინამოს ბაზრობა, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობებზე გასამკაცრებელი იქნება მეტი ყურადღება, აუცილებელია თერმოსკრინინგი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





Print