აქტიური საკურორტო სეზონი სოფელ ციხისჯვარში (R)
თუ გსურთ ზაფხულის სიცხეს გაექცეთ, სუფთა ჰაერი ისუნთქოთ, ნატურალური პროდუქტი მიირთვათ, მშვიდად დაისვენოთ და ბუნების სილამაზით დატკბეთ, მაშინ ბორჯომიდან 41 კილომეტრში მდებარე სოფელ ციხისჯვარს უნდა ესტუმროთ.

კლიმატური ტიპის საკურორტო სოფელი ციხისჯვარი, ზღვის დონიდან 1640 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ძირითადად ეთნიკური ბერძნებით არის დასახლებული.




წლების წინ ადგილობრივები საბერძნეთში სამუშაოდ წავიდნენ და საცხოვრებლად იქ დარჩნენ. მშობლიურ სოფელს კი ზაფხულობით სტუმრობენ. გასულ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლეს. წელს კი სოფელს უბრუნდებიან, სადაც შემოდგომამდე დარჩებიან. სოფელში ასევე ჩამოდიან მოაგარაკეები, ქირავდება სახლები. 




ციხისჯვარში 500-მდე კომლი ცხოვრობს. მას შემდეგ რაც შემოდგომაზე სოფელს დატოვებენ და გაემგზავრებიან, მუდმივად მაცხოვრებელი 240-მდე ოჯახი დარჩება. აქ თითქმის ყველა ქუჩაზე შეხვდებით წლების განმავლობაში დაკეტილ სახლებს.





ის კი ვინც სოფელში რჩება, სოფლის მეურნეობით და მესაქონლეობით არის დაკავებული. ძირითადად კარტოფილი მოჰყავთ. განსაკუთრებული გემოთი და ხარისხით არის ცნობილი აქაური რძის პროდუქტები.





ციხისჯვრის ცენტრშია თავმოყრილი სკოლა, სტადიონი, სკვერი, მაღაზია. აქვეა 1861-1875წლებში აშენებული თეოდორე ტირონის ბერძნულ-ქართული ეკლესია, ციხის ნანგრევები და სამრეკლო, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება და მთელი სოფელი ჩანს.



ციხისჯვრის შესასვლელში წმინდა მამა გაბრიელის ტაძარია, რომელიც 2013 წელს იკურთხა. თავდაპირველად აქ მამათა მონასტერი იყო. 2015 წლიდან კი დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.
ამ ტაძარშია დაბრძანებული მამა გაბრიელის პირადი ნივთები და სიწმინდეები. მისი სახელი არაერთ სასწაულს უკევშირდება. ტაძრის მოსალოცად მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის.





ამავე ტაძრის ეზოშია პატარა ეკლესია, სადაც აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლია დაბრძანებული.
Print