ბორჯომის საკურორტო სოფლები-ცემი და სადგერი (R)

ცემი

ცემი, ტბა და სადგერი ტბის თემში შემავალი საკურორტო სოფლებია ბორჯომში. ამ სამ სოფელში ტურიზმი ყოველწლიურად ვითარდება და ადგილობრივები სულ უფრო მეტ დამსვენებელს იღებენ. ცემი ოდითგანვე განთქმულია როგორც საკურორტო ზონა. აქ ზაფხული არაერთი თაობის წარმომადგენელს აქვს გატარებული.

ცემი ბორჯომიდან 17 კილომეტრში, ზღვის დონიდან კი 1120 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. განსაკუთრებული კლიმატით და სამკურნალო თვისებების მქონე სუფთა ჰაერით გამორჩეული სოფელი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ვიზიტორს მასპინძლობს. ტურისტული სეზონი მაისში დამტვერვის პერიოდში იწყება.

სოფელს გარშემო წიწვოვანი ტყე აკრავს. ცემის ჰაერი განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი ორგანოების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

ცემის მოსახლეობის უმრავლესობა ბინების გაქირავებით არის დაკავებული. სწორედ ეს არის მათი შემოსავლის მთავარი წყარო. კურორტს ოჯახები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვებთან ერთად სტუმრობენ.

ცემში ყოველწლიურად ემატება მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროები, შენდება კოტეჯები და აპარტამენტები.








გასულ 2020 წელს ცემში საკურორტო სეზონი კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა, თუმცა ვიზიტორების სიმრავლე წელს შეინიშნება.




სოფელი ტურისტული ინფრასტრუქტურით სრულად არის აღჭურვილი. ტურისტები
და კურორტის ვიზიტორები ყველაზე ხშირად სკვერსა და სტადიონს სტუმრობენ. სხვადასხვა გასართობებს სთავაზობენ დამსვენებლებს ინდივიდუალურად კერძო ბინებისა და საოჯახო სასტუმროების მფლობელები.








ცემში 254 ოჯახი ცხოვრობს. აქედან მუდმივად მაცხოვრებელი 100 ოჯახია. ცემი დამსვენებლებს წელიწადის ოთხივე სეზონზე იღებს,ზაფხულის სეზონთან ერთად დამსვენებლების სიჭარბე შეინიშნება ზამთარშიც. უნიკალური ბუნება და ჰაერი, ცემის სავიზიტო ბარათია.


სადგერი


სადგერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელია. ბორჯომიდან 7 კილომეტრში, ზღვის დონიდან კი 1020 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სუფთა ჰაერით გამორჩეულ სოფელში ტურიზმი ყოველწლიურად ვითარდება. დამსვენებლები სოფელს ყოველ ზაფხულს სტუმრობენ. აქაურების უმრავლესობა ბინების გაქირავებით არის დაკავებული.




„იყიდება მიწის ნაკვეთი“-ამ წარწერას სოფელში ბევრგან შეხვდებით. ადგილობრივები თუ ჩამოსული დამსვენებლები ნაკვეთს სამოსახლოდ ყიდულობენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სადგერში არაერთი სახლი, საოჯახო სასტუმრო თუ კოტეჯი აშენდა. სადგერს ყოველწლიურად ახალი მოსახლე ემატება და სოფელი იზრდება.




სადგერში ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება. მოწესრიგებულია გზები და გარე-განათება. სოფლის ცენტრშია მოსასვენებელი სკვერი და ატრაქციონი პატარებისთვის. ორ ადგილზე განთავსებულია ე.წ. ტრენაჟორები.




მათ ვისაც ცენტრალურ პარკში გასეირნება და დასვენება სურს, სადგერიდან ავტომობილით სულ რაღაც 10 წუთი დასჭირდება. 




სადგერი ცნობილია წმინდა გიორგის სახელობის ტაძრით, რომელიც XV საუკუნის ძეგლია. აქ განსაკუთრებით აღნიშნავენ წმინდა გიორგის აღსრულების დღეს, 6 მაისს. ამ დღეს ტაძარს უამრავი მომლოცველი სტუმრობს. 
Print