8-9 თებერვალს პარიზის ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება
8-9 თებერვალს, პარიზის „ბერსის“ სასახლე ძიუდოს უპრესტიჟულეს გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 117 ქვენის 688 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავებს, გუნდში არ იქნებიან მსოფლიოს ჩემპიონები - ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და გურამ თუშიშვილი (მძიმე). საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნოდარ მეტრეველი წვრთნის შეჯიბრზე 17 ძიუდოისტით წარდგება - 12 ვაჟი და 5 გოგონა.

გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანია (100 კგ), რომელიც პარიზის გრანდ სლემზე ტრადიციულად წარმატებით ჭიდაობს და შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულია. პარიზში მედლისთვისმ იბრძოლებს ნაკრების ასევე გამოცდილი წევრი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ).
საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ახალი სეზონის პრაქტიკულად პირველი შეჯიბრი, აქამდე ჩვენი გუნდი მხოლოდ ისრაელში გამართულ გრან პრიზე გამოვიდა და იქაც ლიდერების გარეშე.
წლევანდელი შეჯიბრის მთავარი ინტრიგა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტის, მძიმეწონოსანი ფრანგის, ტედი რინერის ჭიდაობაა, რომელიც პარიზულ ტატამს 2013 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდება და, ცხადია ფრანგი გულშემატკივრებისგან მხარდაჭერილი მხოლოდ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
Print