ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს 31 წლის გახდებოდა
მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს, 25 ნოემბერს, 31 წლის გახდებოდა. სპორტსმენი ვანკუვერში ტრაგიკულად დაიღუპა. ის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.

2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა. გადაწყვეტილება ბორჯომის საკრებულომ მიიღო.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.

Print