საქართველო - ირლანდიის რაგბის მატჩზე უსინათლო გულშემატკივრებისთვის ტიფლოკომენტატორი იმუშავებს
საქართველო - ირლანდიის დაპირისპირებას მიხეილ მესხის სტადიონზე უსინათლო გულშემატკივრებისთვის ცნობილი კომენტატორი, ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება.
ტიფლოკომენტატორი მატჩის მსვლელობისას დეტალურად აღწერს როგორც მოედანზე, ასევე მთლიანად სტადიონზე მიმდინარე მოვლენებს, რაც დაეხმარება უსინათლოებს აღქმაში. აპარატურის სიხშირე მთელ სტადიონს ფარავს, ამდენად უსინათლოთათვის სპეციალურად ადგილების გამოყოფა საჭირო არაა. სიხშირის მისაღებად გულშემატკივრებს მხოლოდ მობილური ტელეფონი და ინდივიდუალური ყურსასმენი ჭირდებათ.
პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირთან და თბილისის მერიასთან ერთად განახორციელა შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ორგანიზაცია "მომავალი იწყება დღეს".
მიხეილ მესხის სტადიონზე, სადაც ხვალ ახალგაზრდა ქართველი ბორჯღალოსნები ირლანდიელ თანატოლებს მე-9 ადგილისთვის დაუპირისპირდებიან, პროგრამის ტესტირება გაიმართა. ტესტირებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მსოფლიო რაგბისა და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები უსინათლოებთან ერთად დაესწრნენ.
ტიფლოკომენტირების პროგრამა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ერთი წლის წინ დანერგა. კომენტატორები უცხოელმა ტრენერებმა მოამზადეს. აუდიო-აღწერილობითი კომენტირების პროგრამით (ტიფლოკომენტირებით) პირველი მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა.

Print