მსოფლიო რბენა 7 მაისს გაიმართება
7 მაისს საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად - “მსოფლიო რბენაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო.
სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება
მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეოთხედ გაიმართება. კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად პირველი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დარეგისტრირდა. გარბენში მინისტრთან ერთად დარეგისტრირდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც საქართველოში Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩია.

მონაწილეების რეგისტრაცია 21 მარტს დაიწყო ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com და 4 მაისს, 15:00 საათზე დასრულდება. 7 მაისის გარბენი ჩატარდება სამინისტროსა და ფედერაცია “სპორტი ყველასათვის“ მხარდაჭერითა და თანაორგანიზებით. საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. შეგროვებული თანხა Wings for Life-ის ფონდში EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით გადაირიცხება. მსოფლიო რბენა - 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს, მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან გაკონტროლდება. ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ. მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის. ისინი მსოფლიო რბენის პროექტს ხალხის ყურადღების მიპყრობაში ეხმარებიან.

Print