ზამთრის სპორტის განვითარებაზე სამთავრობო ჯგუფი მუშაობს
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების სამომავლო განვითარების და პროექტების განხორციელებისთვის სპეციალური სამთავრობო ჯგუფი შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით - "ერთობლივი ძალებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები შემუშავდება. აღნიშნული პროგრამა დიდ ბიძგს მისცემს ზამთრის სახეობების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ შორის სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ ზამთრის სპორტის სახეობებით დაკავდნენ, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს პროფესიული სპორტის განვითარებას. გვაქვს სურვილი უახლოესი 5 წლის მანძილზე არაერთ საერთაშორისო შეჯიბრს ვუმასპინძლოთ."

სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შვეიცარიაში, სადაც ქალაქ სენტ მორიცში სამთო მოთხილამურეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. პრემიერ-მინიტრის ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტებთან. შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოს მთავრობის მიერ სამთო კურორტების განვითარებისა და სპორტის ზამთრის სახეობების პოპულარიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს. შეხვედრის დროს პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთის სწრაფად განვითარებად კურორტებზე. საქართველოს მთავრობის მეთაური,საქართველოში მთის კურორტების განვითარების შესახებ ქართველ მოთხილამურეებსაც ესაუბრა, რომლებიც ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე წელს ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.

Print