ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დელეგაცია ბაკურიანს ესტუმრა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი და EOC-ის დელეგაციის სხვა წევრები, სეოკ-ის და ბაკურიანი-2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები ბაკურიანს ესტუმრნენ.

მათ დაათვალიერეს ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურა, ასევე მოინახულეს ის ადგილები, სადაც უნდა მოეწყოს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებებისთვის საჭირო სპორტული ობიექტები, მათ შორის - ბიატლონის ტრასა და ტრამპლინები.

როგორც სპიროს კაპრალოსმა განაცხადა: „ბაკურიანში ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ის ფაქტი, რომ ამ დღეებში აქ მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, თავისთავად მეტყველებს ბაკურიანის, როგორც მნიშვნელოვანი და უაღრესად პერსპექტიული სპორტული ცენტრის საერთაშორისო აღიარებაზე. აქ საუკეთესო ბუნებრივი პირობებია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, საბაგირო ტრასებით, სხვა დამხმარე ობიექტებით და მაღალი დონის სასტუმრო ქსელით. მჯერა, რომ საფესტივალოდ სხვა აუცილებელი არენებიც მზად იქნება და საქართველო ამ ახალგაზრდულ ევროპულ ფორუმს საუკეთესოდ უმასპინძლებს."

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წელს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდება მეშვიდე ევროპული ქვეყანა, რომელსაც ზამთრის და ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ექნება.


Print