დავითი, ბექა, ლაშა - მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ბაკურიანელი სპორტსმენი იასპარეზებს
დღეს, ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო. საქართველო ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. „ბაკურიანი 2023“-ში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, აქედან საქართველოს სახელით ასპარეზობს ექვსი სპორტსმენი. ხოლო, ექვსი სპორტსმენიდან სამი მათგანი ბაკურიანელია. დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე სკი კროსში გამოსცდიან საკუთარ შესაძლებლობებს.

დავით თედიაშვილი თხილამურებზე სამი წლიდან დგას. არის ყოფილი სამთო მოთხილამურე, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, სკი კროსის დამფუძნებელი საქართველოში. პირველად, საერთაშორისო ტურნირზე 2015 წელს, ესპანეთში გავიდა. მას შემდეგ შემოიარა სხვა ევროპული ქვეყნები და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა არაერთხელ ასახელა მშობლიური ქვეყანა. კორონავირუსის პანდემიამ მისი სპორტული კარიერა დროებით შეაჩერა, შემდეგ კი ისევ გააგრძელა სპორტული ცხოვრება.

„პირველად, საერთაშორისო ტურნირზე 2015 წელს მსოფლიო უნივერსიადაზე ვიასპარეზე ესპანეთში. ამის შემდეგ იყო ჩეხეთი 2016 წელს და 2-ჯერ მეორე ადგილი ფისზე, კურორტი რეჯისე. 2017 წელს ყაზახეთში მსოფლიო უნივერსიადაზე მე-7 ადგილი დავიკავე. შემდეგ, პირველი ადგილი ჩეხეთისა და სლოვაკეთის პირველობაზე. ასევე, 2017 წელს ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზე. 2018 წელს ტრავმამ ერთი წელი გამომატოვებინა, შემდეგ პანდემია დაიწყო და მთელი ეს პერიოდი პასიურად ვიყავი. 2021 წლიდან კი განვაახლე სპორტული კარიერა. ძირითადად, პირველი და მეორე ადგილები დავიკავე ჩეხეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში“ - ამბობს დავით თედიაშვილი. 


დავით თედიაშვილი




30 წლის ბაკურიანელი დავით თედიაშვილი ახლა მშობლიურ კურორტზე იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე.


„მოლოდინები ძალიან კარგი მაქვს. ვცდილობ მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ტარდება ასეთი მასშტაბური ჩემპიონატი“ - დავით თედიაშვილი.



დავით თედიაშვილი



კიდევ ერთი ადგილობრივი სპორტსმენი, რომელიც ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს 22 წლის ბექა ბერძენიშვილია. ბექა თხილამურებზე 6 წლიდან დგას. 18 წლიდან კი სკი კროსით დაინტერესდა და ამ ასაკიდანვე გახდა ნაკრების წევრი. აქამდე ძირითადად საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობდა. ყველაზე განსაკუთრებულად იხსენებს 2021-2022 წლებში, ჩეხეთში და შვედეთში გამართულ შეჯიბრებებს. სწორედ, შვედეთში მოიპოვა ლიცენზიაც. ბექა ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

„მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება იმ დღიდანვე დავიწყე, რა დროსაც ცნობილი გახდა მისი ჩატარების თარიღი. საქართველოში ფიზიკურად ვემზადებოდით, უცხოეთში კი ნაკრებმა ერთად გავიარეთ მომზადება“ - გვეუბნება ბექა ბარძენიშვილი.


ბექა ბერძენიშვილი





ამბობს, რომ ნერვიულობს, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემპიონატი მის მშობლიურ ბაკურიანში ტარდება, ეს მოტივაციას სძენს.


„ძალიან ვნერვიულობ და ვღელავ, თუმცა მოტივაციას ის მმატებს, რომ ჩემს მშობლიურ ბაკურიანში ვიღებ მონაწილეობას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შედეგის მაქსიმუმი დავდო“ - ბექა ბერძენიშვილი.



ბექა ბერძენიშვილი




დავითთან და ბექასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს 23 წლის ლაშა კურტანიძეც. სამი წლის ასაკიდან თხილამურებზე პირველად დადგა და მას შემდეგ სპორტითაა დაკავებული. 12 წლიდან საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვდა, ალპაინის სახეობაში. არის საქართველოს მრავალგზის აბსოლუტური ჩემპიონი სპორტის ამ სახეობაში. 2021 წლიდან კი ლაშამ სპორტის სახეობა შეიცვალა და სკი კროსის გუნდს შეუერთდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის.


„ჩეხეთში გავედი მეორე და მესამე ადგილზე, რითიც გავიუმბჯობესე რეიტინგი და მოვიპოვე ლიცენზია გამოვსულიყავი საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით, რადგან როდესაც შენ ქვეყანაში იღებ მონაწილეობას ასეთი დონის შეჯიბრში ძალიან სასიხრულოა“ - გვითხრა ლაშა კურტანიძემ.


ლაშა კურტანიძე





ლაშა კურტანიძე იმედოვნებს, რომ შეჯიბრში წარმატებას მიაღწევს. ჩემპიონატს დადებითი მოლოდინებით ხვდება.


„მოლოდინებს რაც შეეხება, მართალია, ძლიერ სპორტსმენებთან ბრძოლა მომიწევს, მაგრამ შევეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და ვფიქრობ, კარგ შედეგს მივაღწევ“
- ლაშა კურტანიძე.



ლაშა კურტანიძე




მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში, დღეიდან, 18 თებერვლიდან დაიწყო და 5 მარტს დასრულდება. ყოველდღიურად გაიმართება შეჯიბრებები, დღის ბოლოს კი გამარჯვებულების გამოვლენა და მათი დაჯილდოება. ვინ როგორ შედეგს მოუტანს საქართველოს და ბაკურიანს, ეს ჩემპიონატის მიმდინარეობისას გაირკვევა.


ცნობისთვის, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით, მსოფლიო ჩემპიონატი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით იმართება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.





Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.