ბაკურიანში სნოუბორდში ევროპის თასის ფინალი ჩატარდა
ბაკურიანში სნოუბორდში ევროპის თასის ფინალი ჩატარდა - მარტში კურორტი მსოფლიო თასს უმასპინძლებს
ბაკურიანში სნოუბორდში ევროპის თასის ფინალი გაიმართა პარალელურ გიგანტურ სლალომში. ფინალისტებმა ასე გადაინაწილეს ადგილები:
ქალები:
1. შოფმენ საბინა /ავსტრია
2. ჯენი ლადინა /შვეიცარია 
3. კუმერ პატრიცია /შვეიცარია




კაცები:
1. ბაუმეისტერ სტეფანი /გერმანია
2. კავიეთზელ დარიო /შვეიცარია
3. აუნეტ არვიდი /ავსტრია


პარალელური გიგანტური სლალომის ეტაპები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ორი დღის მანძილზე დიდველზე მიმდინარეობდა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის კოორდინატორმა, როლანდ ჰორნიმ მასშტაბური სპორტული ღონისძიება შეაფასა:

“დიდი მადლობა საქართველოს, შესანიშნავი სატესტო ღონისძიებისთვის. საწვრთნელი დღე, სათხილამურო ტრასა, ყველაფერი იდეალურად იყო. თუკი ამას შეინარჩუნებთ მსოფლიო ჩემპიონატისთვის, არაჩვეულებრივი იქნება. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ გუნდი და ორგანიზაცია მზადაა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის”.
როგორც ორგანიზატორებმა შეჯიბრის შემდეგ განაცხადეს, ავსტრიის ნაკრები ბაკურიანში რჩება სავარჯიშოდ.

3-6 მარტს, ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს სლოუფსთაილის სახეობაში.
შეჯიბრებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ემ თი ეის“ თანადგომით მიმდინარეობს. ღონისძიებების ორგანიზატორი საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და მისი გენერალური სპონსორი „სილქნეტია“.

ორგანიზატორების განცხადებით, მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს 2023 წელს.
მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა, აშენდა საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.


Print