ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია - ნათია თურნავა
ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა, როგორც ორგანიზება, ასევე ქვეყნის ინფრასტრუქტურის ხარისხი.

„ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია. დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი - სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ ქროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი", - განაცხადა თურნავამ, რომელიც ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო თასის შეჯიბრს დაესწრო და ორგანიზატორებთან ერთად აღნიშნული მაღალი რანგის ტურნირის საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დასრულდა ბაკურიანში ახალი საბაგიროს და სასრიალო არეალის მშენებლობა, ასევე გაუმჯობესდა ხელოვნური გათოვლიანების კომპონენტი. ამდენად, სპეციალური ტრასა შეჯიბრისთვის ნაწილობრივ ხელოვნული თოვლითაა გაკეთებული.
მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 200 - მდე სპორტსმენი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და მსოფლიო თასის ეტაპზე მომუშავე ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართა, მაგრამ სქი-ქროსის მოყვარულებს შეეძლოთ, მსოფლიო თასის ეტაპისთვის თვალყური ედევნებინათ იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Infront-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eurosport-ის საერთაშორისო არხზე.

Print