ბაკურიანში ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება
ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება. საქართველომ მასპინძლის სტატუსი დღეს მოიპოვა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე.
ონლაინ-ფორმატში გამართული ფორუმის დელეგატებმა ბაკურიანის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ამასთან დაკავშირებით, დღესვე გამართა პრესკონფერენცია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

„დღეიდან იწყება ახალი ეტაპი, საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. დადგა ენერგიული მოქმედების, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისა და ზამთრის სპორტში სერიოზული ინვესტიციების განხორციელების დრო. საქართველომ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ერთხელ უკვე უმასპინძლა - 2015 წელს, თბილისმა ზაფხულის ფესტივალი მიიღო და დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება, თუმცა ამჯერად საუბარია ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე და ორი მთავარი ამოცანის შესრულება მოგვიწევს: უნდა შევქმნათ ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საფუძვლიანად მოვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი სპორტული მიზნებისთვის საბრძოლველად. ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობის მყარი მხარდაჭერა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს" - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

Print