სოციალური ვიდეო
უძველესი მარნების სოფელი
სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლეზე მდებარეობს ნიჯგორი, რომელიც უძველესი მარნების სოფელია. როგორც ამბობენ, საქართველოში მისი ანალოგი არ არსებობს.

მარნები 1600-1700 წლებშია აშენებული და აქ ადგილობრივი მოსახლეობა წურავდა ღვინოს, ხდიდა არაყს, ამზადებდა ნუგბარს. ახლა აქ აღარც სამზადისია და აღარც ხალხი. სოფელი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა, მარნები კი მიტოვებულია და დაზიანებული.

უძველეს მარნებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. ადგილობრივების სურვილი კი ამ სტატუსის მინიჭება და მარნების აღდგენაა. რეაბილიტაციის შემთხვევაში ისინი ამ სოფელში ტურისტულ პოტენციალსაც ხედავენ და სახელმწიფოს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ 3-4 წლის წინ აღნიშნული ტერიტორია სპეციალისტებმაც შეისწავლეს. დათვლილია 300-მდე მარანი. სურდათ, რომ ძველებური სახე შეენარჩუნებინათ და მარნები ისე აღედგინა, თუმცა მას შემდეგ არც არავინ გამოჩენილა და მარნების აღდგენის პროექტზე აღარავის უსაუბრია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მომდევნო წლებში, სოფელ ნიჯგორში არსებული უძველესი მარნების აღდგენა მათ გეგმებში არ შედის. ისინი განიხილავენ მესაკუთრეების იმ პროექტებს, რომლებსაც საკუთარი მარნების აღდგენა სურთ.
Print