სოციალური ვიდეო
რა პრობლემები აქვთ სურამში მცხოვრებლებს?
დაბა სურამი, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, საკურორტო ზონაა. აქ განსაკუთრებით ბევრ დამსვენებელს, ზაფხულში შენიშნავთ. სტუმრების რაოდენობის მატებასთან ერთად იზრდება მოთხოვნებიც. როგორც ადგილობრივები, ასევე დამსვენებლები აქ პრობლემებზე საუბრობენ. დაბის და ტყის დასუფთავება, გზების მოასფალტება, სასმელი წყალი, სკვერის მოწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რეკლამირება - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტები ითხოვენ.





ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სურამის ქუჩები, მათი სამსახურის მიერ ყოველდღიურად სუფთავდება, სეზონზე კი დღეში ორჯერ. რაც შეეხება ტყეს, ამბობენ რომ აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდს ეკუთვნის და ეს მათი კომპეტენციაა. აქვე ამატებენ იმასაც, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ტყეში 2000-ზე მეტი ხე დაირგო, რაშიც ერთობლივად იყვნენ ჩართული როგორც სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და საჯარო სკოლების მოსწავლეები.
რაც შეეხება გზის პრობლემას. ადგილობრივ თვითმმართველობაში გვიპასუხეს, რომ სურამში გზის ნაწილი მოასფალტებულია, ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე სამუშაობის გაგრძელება მომავალი წლიდან იგეგმება. პროექტირება უკვე დასრულებულია და 2020 წლიდან ასფალტი დაიგება მშვიდობის, ნინოშვილის, გოგებაშვილის და ტალახაძის ქუჩებზე. შემდგომ ეტაპზე იგეგმება, ჩიხების მოასფალტებაც.
რაც შეეხება სველ წერტილებს, მერიაში აცხადებენ, რომ საპირფარეშო არის უკვე აშენებული და მომავალი კვირიდან შევა ექსპლუატაციაში. სასმელი წყლის პრობლემის შესახებ კი გვითხრეს, რომ იგეგმება ბიჯნისის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც 2 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება და სამუშაოები 2 წელიწადში დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, სურამელებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, აღნიშნულ საკითხზე გვითხრეს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ არის საკმარისი თანხები ტრანსპორტის შესაძენად და სურამელებს ამჟამად აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ვერ ჰპირდებიან. ამბობენ, რომ სურამს ემსახურება კერძო ტრანსპორტი.
გარდა ამისა, სურამის როგორც საკურორტო ზონის გარეკლამებაზე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ პერიდულად მზადდება საიმიჯო რგოლები შიდა ქართლის მხარეზე, სადაც ასახულია სურამის ღირსშესანიშნაობებიც და აღნიშნული ვიდეო რგოლები სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.

Print