სოციალური ვიდეო
რა სჭირდებათ ახალგაზრდებს გასართობად ბორჯომში?
კინოთეატრი, სავარჯიშო დარბაზი, მეტი კულტურული, სპორტული ღონისძიება, კაფეები, ბარები, დისკოტეკები, საგანმანათლებლო და შემეცნებითი დაწესებულებები - ეს იმ გასართობი საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რასაც გამოკითხული ახალგაზრდები ასახელებენ. როგორც ადგილობრივ, ასევე სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს, სურთ რომ ბორჯომში როგორც საკურორტო ქალაქში ეს ყველაფერი განვითარდეს და მეტი გასართობი საშუალება იყოს მათთვის. თითოეული რესპონდენტის მოთხოვნა და გემოვნება განსხვავებულია.




ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდებისათვის ხორციელდება როგორც კულტურული ასევე სპორტული ღონისძიებები და სპეციალური პროგრამები, რომლებიც მათ გააქტიურებას უწყობს ხელს.

"ადგ. თვითმმართველობა ითვალისწინებს ახალგაზრდების მოთხოვნებს და კულტურულ ღონისძიებებზე ჩამოჰყავს მათთვის სასურველი მომღერალი, ჯგუფი, ბენდი თუ მსახიობები. სპორტული ღონისძიებები კი უშუალოდ მათი ჩართულობით იმართება ბევრ სახეობაში, რა დროსაც მათთვის სამოტივაციო პრიზები არის დაწესებული.
რამდენიმე წელია მოსწავლეებისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება მუნიციპალიტეტში. ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სრული დაფინანსებით, იგზავნებიან საერთაშორისო ბანაკებში. ისინი უკვე იმყოფებოდნენ ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ასევე უკრაინის დამეგობრებულ ქალაქ პოლტავაში. მომავალ წელს ბანაკის წევრ ქვეყნებს უკვე ბორჯომი უმასპინძლებს.
მუნიციპალიტეტი სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, მათთვის სასურველი მიმართულებით, უფასო ექსკურსიებსაც უწყობს მოსწავლეებს. წლის განმავლობაში მართავს სხვადასხვა შეჯიბრებებს როგორიცაა ეტალონი, სიცილის ლიგა, რა? სად? როდის? და ა.შ,
სულ ცოტა ხნის წინ, მუნიციპალიტეტმა შექმნა ახალგაზრდა მოხალისეთა კლუბი. მასში 50-ზე მეტი მოხალისეა გაერთიანებული. კლუბის წევრები გეგმავენ აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით ღონისძიებებში და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში, ისინი მოაწყობენ საგანმანათლებლო-შემეცნებით ლაშქრობებს, მონაწილეობას მიიღებენ კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში.
ახალგაზრდების საჭიროებების კიდევ უფრო კარგად გამოსავლენად, სულ ცოტა ხნის წინ, მუნიციპალიტეტმა იმუშავა დოკუმენტზე, რომელსაც ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი ჰქვია. ჩატარდა კვლევა და გამოიკითხნენ ახალგაზრდები, სწორედ მათი მოთხოვნების საფუძველზე შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც 3 წლიანია. მომავალ წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ახალგაზრდული ბიუჯეტიც დაემატება და უშუალოდ ამ დოკუმენტით განსაზღვრული პუნქტების შესრულებას მოხმარდება.
რაც შეეხება კინოთეატრს, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს ღია კინოთეატრის მოწყობაზე" -
აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.


Print