სოციალური ვიდეო
პანდემია მარანში
„მამაჩემი კარგი მევენახე იყო, ეს საქმე მან დაიწყო და მე გავაგრძელე“ - გვიყვება გიზო ცუცქირიძე, ქვიშხეთელი მეღვინე, რომელიც 25 წელია ვენახს უვლის და ღვინოს აყენებს.

ბიზნესი ოჯახურია, მასში ცუცქირიძეების დიდი ოჯახის ყველა წევრია ჩართული.

წლების წინ საქმიანობა, 10 მეასედ ფართობზე გაშენებული ვენახით დაიწყო. ეტაპობრივად გიზო ცუცქირიძემ, მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები შეიძინა და ახლა უკვე მისი ვენახი, ქვიშხეთის შესასვლელში, 4 ჰექტარზეა. წლის განმავლობაში ოჯახი ოთხ ტონა ყურძენს კრეფს და 30 ტონამდე ღვინოს აყენებს.

სხვადასხვა ჯიშის ყურძნით, რამდენიმე სახეობის ღვინოს ამზადებს. რეალიზაციას სახლიდან ახდენს. რეგიონში ბევრი იცნობს მეღვინესაც და ღვინოსაც.




ღვინის ტექნოლოგიის შესწავლას და ოჯახურ ბიზნესში, უფრო აქტიურად ჩართვას აპირებს გვანცა ცუცქირიძე.

„გეგმები გვაქვს და გვინდა გავაფართოვოთ და დავხვეწოთ ჩვენი საქმიანობა. ვხედავ რამხელა შრომა სჭირდება ამ ყველაფერს და მინდა კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ოჯახური ბიზნესისთვის. მამას კარგად გამოდის ღვინის კეთება, ისე მოხდა რომ არ უსწავლია, გააკეთა და გამოუვიდა“ - ამბობს 24 წლის გვანცა.




2020 წელს ოჯახმა ბიზნესის გაფართოება და რამდენიმე სახეობის ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და წარმოების დაწყება გადაწყვიტა. კორონავირუსმა ცუცქირიძეების გეგმები შეაჩერა, შემოსავალი კი 85%-ით შეამცირა.





Print