ქალის ბლოგი
სათემო რეინჯერი ქალები ბიომრავალფეროვნების დასაცავად
ბორჯომში წელს პირველად, სათემო რეინჯერები გამოჩნდნენ. სტუდენტები, აბიტურიენტები, რიგითი ახალგაზრდები, საერთო იდეის გარშემო, პროექტის ფარგლებში გაერთიანდნენ. მათი მთავარი მიზანი, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და დაცვაა.

პროექტს "ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით" NACRES ახორციელებს.

ორგანიზაციამ კონკურსის საფუძველზე, 15 ახალგაზრდა შეარჩია. პროექტის ფარგლებში, მათ თავდაპირველად ჩაუტარდათ ტრენინგები. გაეცნენ დაცული ტერიტორიების სისტემას და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სპეციფიკას. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

სათემო რეინჯერები ასევე ჩაერთვნენ, მოსახლეობასა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციაშიც და დაიწყეს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანია.

სათემო რეინჯერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს ორი მეთოდით ახორციელებენ - კვალზე დაკვრვებით ( მონაცემების შეგროვება, და დამუშავება) და თანამედროევე ტექნოლოგიების - ფოტოხაფანგების გამოყენებით. რეინჯერების ფოტოხაფანგების ობიექტივში, ეროვნული პარკის ფაუნის თითქმის ყველა წარმომადგენელი მოხვდა.



სათემო რეინჯერები არიან ბორჯომიდან, ახალციხიდან, ხარაგაულიდან და თბილისიდან. ჯგუფი გენდერულად დაბალანსებულია. პროექტში 15 წევრიდან ჩართულია ექვსი ქალი, სხვადასხვა პროფესიის, სტატუსის და ისტორიის მქონე. საინტერესო საქმის კეთება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა იყო საერთო მიზანი, რის გამოც მათ პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. გაგაცნობთ თითოეულ მათგანს.





ნინო მაღრაძე ხარაგაულიდანაა, მომავალი ეკოლოგი. სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ბავშვობიდან იცნობს. მამა რეინჯერი ჰყავს და დაცული ტერიტორიების სილამაზეს პატარაობიდანვე ეზიარა. ხშირად დაჰყავდა მთაში ცხენებით. ბუნებასთან სიახლოვემ კი პროფესიულ არჩევანზეც იქონია გავლენა. როდესაც გადაწყვიტა ეკოლოგი გამხდარიყო, საზოგადოების მხრიდან არაერთი გენდერული სტერეოტიპი მოისმინა. ურჩევნდნენ რომ ეკოლოგობა „ქალის საქმე“ არ იყო, თუმცა ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა ჰქონდა და არჩევანის შეცვლაზე არც უფიქრია.

„თავდაპირველად, როდესაც გავაჟღერე, რომ ეკოლოგი უნდა გავხდე-თქო, ყველა მეუბნებოდა, რომ შენ ქალი ხარ და შეიძლება არ გამოგივიდეს ეს საქმე... მაგრამ, ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის მიმეორებდნენ, ნინო შენ შეძლებ! თავს კარგად გაართმევ საქმეს! ძალიან მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე და დღეს ეკოლოგი ვარ. საერთოდ არ მიმაჩნია სწორ მოსაზრებად, რომ ამ საქმეს ქალი ვერ შეძლებს. ვფიქრობ, ქალები უფრო წარმატებულები ვიქნებით, მთავარია მონდომება. უკეთესი იქნება, თუ უფრო მეტი ქალი ჩაერთვება ბუნების დაცვაში. ზოგადად, ადამიანების ჩართულობა ბუნების დაცვის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ ის, რომ იქნებ იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ... უნდა მივხვდეთ, რომ ბუნება ადამიანის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი და მისი დაცვა ჩვენთვის უნდა იყოს პრიორიტეტული“ - გვეუბნება ნინო მაღრაძე.

სწორედ მის პროფესიასთან ახლოს იყო ის საქმე, რომლის კეთების შესაძლებლობა პროექტის ფარგლებშიც ექნებოდა, თუ შერჩეულ მონაწილეებს შორის მოხვდებოდა. ინფორმაცია პროექტის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო და მაშინვე შეავსო განაცხადი. ასე, კონკურსის საფუძველზე გახდა ნინო სათემო რეინჯერი.

„როდესაც ,,ნაკრესიდან’’ დამიკავშირდნენ და პროექტის აქტივობები გამაცნეს, ეს იყო ჩემთვის ძალიან ემოციური... ძალიან გამეხარდა პროექტში მონაწილეობა, ასეთ პროფესიონალებთან ერთად. ჩემთვის ბუნებასთან სიახლოვე არის ყველაფერი... თუნდაც ის პროცესი, როცა ვხსნით ფოტოხაფანგს და ვნახულობთ დაფიქსირებულ ირმებს, დათვებს, შვლებს, მგლებს, ეს პროცესი კიდევ ერთხელ მაყვარებს ჩემს პროფესიას. სულ მინდოდა, ცოდნას რასაც მივიღებდი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის მომეხმარებინა. და ასეც იქნება, გადაწყვეტილი მაქვს. როდესაც უნივერსიტეტს დავამთავრებ, ჩემ ცოდნას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გამოვიყენებ და ყოველთვის ვეცდები ეს ადგილი და ტერიტორია დავიცვა“ - ნინო მაღრაძე.




ნინო ჭიპაშვილიც ხარაგაულიდანაა. ორივე ნინოს საერთო ქალაქი აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროფესია აირჩიეს, ერთმანეთს მაინც ბუნების სიყვარულმა დააკავშირა. 23 წლის ნინო ჭიპაშვილი ფილოლოგია. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. ხარაგაულში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ახალგაზრდული კლუბის ხელმძღვანელია. ასევე, მუშაობს დეპუტატის ბიუროში. პროექტის შესახებ ინფორმაცია შეხვედრიდან შეიტყო, რომელიც მის ქალაქში NACRES-ის წარმომადგენლებმა გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილოლოგია, ნინოს ყოველთვის დაინტერესებული იყო გარემოს დაცვის საკითხებით და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც ბიომრავალფეროვნებას იცავენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. სწორედ ამ ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა შეხვედრაზე დასასწრებად. ამის შემდეგ კი მიხვდა, რომ პროექტის მონაწილე თავადაც უნდა გამხდარიყო.

„სად ფილოლოგობა და სად რეინჯერობაო, შეიძლება თქვან, მაგრამ ვფიქრობ, ერთმანეთთან ახლოს არის რადგან, თუ სულით ფილოლოგი ხარ, ბუნებისკენ მიილტვი. ძალიან ახლობლად მივიჩნევ ბუნებას. თუნდაც, რეინჯერი რომ გავხდე, რატომაც არა? არ ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც, კაცები უნდა იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ქალებიც აუცილებელია“ - გვპასუხობს ნინო ჭიპაშვილი.

ნინო თვლის, რომ თითოეული მოქალაქის ჩართვა მსგავსი ტიპის პროექტებში და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა ბუნების დასაცავად, უმნიშვნელოვანესია. მისი აზრით, ადამიანების ინფორმირება და ერთად საქმის კეთება, შედეგს უფრო ეფექტურს გახდის.

„ყველამ უნდა გაითავისოს… პირველ რიგში მე უნდა გავითავისო… იმიტომ ვარ ამ პროექტში, რომ გავიგო რა შრომას დებენ ეს ადამიანები, რომლებიც იცავენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. მე რომ გავიგებ, მერე მეგობარს გავაგებინებ ხომ? ის კიდევ სხვას გააგებინებს და ზუსტად ასე ჯაჭვურად გადადის ინფორმაცია ადამიანებში, ასე ძლიერდება სამოქალაქო თვითშეგნებაც“ - ნინო ჭიპაშვილი.




25 წლის ნინო ლომსაძე ახალციხიდანაა. თავდაპირველად, საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია, თუმცა პროფესიული ძიება ამ დრომდე არ შეუწყვეტია. დიპლომატიიდან ბუნებისკენ გადმოინაცვლა და აქ ახალ უნარებს ითვისებს. მესამე ნინომაც ინფორმაცია პროექტის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო. ბუნების მიმართ ინტერესი ყოველთვის ჰქონდა, ამიტომ დაინტერესდა, შეავსო აპლიკაცია და ახლა უკვე სათემო რეინჯერია. პროექტის ფარგლებში გაიცნო ახალი ადამიანები, შეხვდა და გამოცდილება მიიღო საქმის პროფესიონალებისგან, გაუჩნდა სურვილი ჩართულიყო ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში და საველე გასვლებში. ნინო, ეროვნული პარკის მიმდებარედ ცხოვრობს და ბუნებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღრმავდა.

„ვისწავლე კვალის ამოცნობა, ფოტოხაფანგთან მუშაობა და ა.შ. ჩემი აზრით, დიპლომატიური ურთიერთობებიც მეხმარება მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. რაც უფრო მეტ პროფესიას ფლობ და მეტი უნარი გაქვს, უკეთესია. ერთმანეთს ეხმარება. მოლოდინი მქონდა იმის, რომ ძალიან ბევრ საინტერესო დღეს, ძალიან ბევრ ინფორმაციას მომცემდა ეს პროექტი და მოლოდინი გამიმართლდა. სხვებსაც ვურჩევ, მიიღონ მონაწილეობა. ამ პროექტის მიზანიც ის არის, რომ ჩვენი ჩართულობით გავზარდოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. საზოგადოებაში არის ინფორმაციის ნაკლებობა, არ იციან რას ემსახურება ეროვნული პარკი, ნაკრძალი, როგორ შეიძლება მისგან სარგებელი მივიღოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ და ა.შ. ყველა უნდა გავერთიანდეთ. ზოგადად, თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ასეთ სფეროში მამაკაცები ჭარბობენ. რა თქმა უნდა, გენდერული ბალანსი აქაც დაცული რომ იყოს, ცუდი არ იქნება“ - გვეუბნება ნინო ლომსაძე.



ანა პარუნაშვილი მომავალი ეკოლოგია. ცხოვრობს ადიგენში და ამჟამად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ბავშვობიდან უყვარს ლაშქრობა და ტყეში სიარული. პროექტის შესახებ ინფორმაცია ანას, მისმა ლექტორმა მიაწოდა. აქამდე მსგავს აქტივობებში ჩართვის საშუალება არ ჰქონია. თვლის, რომ ეს მისთვის კარგი შესაძლებლობაა და ერთგვარ სტაჟირებად მიიჩნევს იმ პრაქტიკულ ნაწილს, რასაც პროექტის ფარგლებში გადის. ყველაზე მეტად ფოტოხაფანგების დამონტაჟება/ახსნის პროცესი მოსწონს. ამბობს, რომ აქ მიღებული ცოდნა, საქმის უკეთ კეთებაში დაეხმარება. საკუთარ გამოცდილებას კი თანატოლებს გაუზიარებს.

„როდესაც მეკითხებიან რატომ ვარ ამ პროექტში, ვპასუხობ: იმიტომ, რომ ძალიან მომწონს, ჩემი სფეროა, მე მეხება, სხვებსაც მოვუწოდებ რომ ჩაერთონ, ცოდნას გაიღრმავებენ... ბუნებას თუ დავიცავთ, ჩვენც დაცული ვიქნებით, ბუნების გარეშე ვერც ჩვენ ვიარსებებთ. ზოგადად, რეინჯერის პროფესია ძალიან საინტერესოა. ამ პროექტმა მომცა იმის ბიძგი, რომ სამომავლოდ შესაძლოა დამატებითი პროფესია ავირჩიო. შეიძლება ეს იყოს რეინჯერის პროფესია“ - ამბობს ანა პარუნაშვილი.



ეილიულ ქიოსეც მომავალი ეკოლოგია. ცხოვრობს რაჭაში. ისიც მესამე კურსის სტუდენტია. ლაშქრობა და საველე პირობებში ყოფნა მისი ჰობია. თავისუფალ დროს ყოველთვის ტყეში სასეირნოდ მიდის. მუდამ ახლის ძიებაშია... ბუნება მისთვის სიმშვიდის და ახალი ენერგიის წყაროა. ყოველთვის ერთვება პროექტებში, როცა ამის შესაძლებლობა აქვს. ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მეგობარმა გაუზიარა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეგიონიდანაა და პროექტში მოხვედრის შანსი ნაკლები იყო, აპლიკაციის შევსება მაინც სცადა.

„მე რაჭიდან ვარ და მეგონა არ დამიკავშირდებოდნენ. ეს იყო გათვლილი ადგილობრივ მოსახლეობაზე, თუმცა მოხარული ვარ რომ დამიკავშირდნენ. NACRES სერიოზული ორგანიზაციაა, ბევრი რამ მსმენია მათ შესახებ და ძალიან მიხარია, რომ ჩართვის შესაძლებლობა მომცეს. აქ პროფესიონალები არიან და მათგან ბევრ ისეთ სასარგებლო რამეს ვსწავლობ, რაც ჩემ პროფესიას უკავშირდება. ეკოლოგია არ გულისხმობს მხოლოდ ბუნების და გარემოს დაცვას. ძალიან მაინტერესებს როგორც ცხოველები, ასევე ფრინველები და მწერები. მინდა შევისწავლო თითოეული მათგანის ფიზიოლოგია“ - ამბობს ეილიულ ქიოსე.

სანამ ამ პროექტში ჩაერთვებოდა, ასევე მონაწილეობას იღებდა პროექტში „ქალები ბუნების კონსერვაციისთვის“, სადაც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, ფრინველებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ და სწავლობდნენ ცხოველთა ნაკვალევის ამოცნობას. იქ მიღებული საბაზისო ცოდნა, ამ პროექტშიც გამოადგა. მისთვის ყველაზე საინტერესო პროცესი ფოტოხაფანგების დამონტაჟება და ობიექტივში ცხოველების „გამოჭერა“ იყო.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ჩვენ მიერ დამონტაჟებული ფოტოხაფანგი რომელიმე ცხოველს დააფიქსირებს. მოლოდინი საკმაოდ დიდი მაქვს, უკვე ბევრი რამ ვისწავლე და მომავალში კიდევ უფრო მეტს ვისწავლი პროფესიონალი ადამიანების დახმარებით. ასევე, ბევრ რამეს ვსწავლობ სხვა მონაწილეებისგან. ძალიან მინდა ამ მიმართულებით გავაგრძელო მოღვაწეობა და ეს პროექტი ჩემი წარმატებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“ - ეილიულ ქიოსე.

ეილიული თვლის, რომ საქართველოში ქალი რეინჯერების დეფიციტია და ეს პროექტი კარგი მაგალითია იმისა, რომ ქალებს სურვილი გაუჩნდეთ შეისწავლონ რეინჯერის პროფესია და ჩაერთონ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში. გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და ადამიანებს მოუწოდებს, ერთად დავიცვათ ბუნება.

ჩვენი ქმედება პირდაპირ აისახება ბუნებაზე და თუ ბუნებაში რამე დაზიანდა, ეს ჩვენზე აისახება უარყოფითად. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ როცა ბუნებაში გამოდიხარ საპიკნიკოდ და დასუფთავებულ ადგილს ხედავ, შენი ნარჩენები არ უნდა დატოვო და აუცილებლად უნდა წაიღო. ეს არის ყველაზე მინიმალური მოვალეობა, რითიც ხელს შევუწყობთ ბუნების სისუფთავეს - ეილიულ ქიოსე.




მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გათვლილი იყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებ ახალგაზრდებზე, ელიურის მსგავსად გაუმართლა ვერიკო ბაზალსაც. პროექტში ის თბილისიდან ჩაერთო. ინფორმაცია მანაც მეგობრისგან შეიტყო და აპლიკაციის შევსება მაშინვე სცადა. პროფესიით იურისტმა საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა ამ სფეროშიც გადაწყვიტა. თვლის, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლის. შერჩეულ მონაწილეებს შორის რომ მოხვდა ძალიან გაეხარდა.

„ჩემი მონაწილეობა ამ პროექტში ჩემთვის, არის ყველაზე დიდი შანსი, რადგან ამ სფეროში აქამდე არაფერი ვიცოდი. ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას გვაძლევენ. ფოტოხაფანგების საშუალებით არაერთი კადრი დავიჭირეთ დათვის, შვლის, ირმის. ასევე, ბრაკონიერების. ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხია და აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. მე პროფესიით ვარ იურისტი და იურიდიული კუთხითაც შემიძლია გარემოს დაცვა, ვგულისხმობ, საკანონმდებლო კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ორი სრულიად განსხვავებული პროფესიაა, ერთმანეთს არ უშლის ხელს. მე დღესაც მაქვს საშუალება, რომ მეორე პროფესიად ავირჩიო გარემოს დაცვა და დიახ, მე ვირჩევ ამ სფეროს!“ - გვპასუხობს ვერიკო ბაზალი.

ვერიკოს ინტერესი გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვენბის მონიტორინგის მიმართ იმდენად გაღრმავდა, რომ იგი პარალელურად NACRES-ის კიდევ ერთ პროექტში ჩაერთო, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კავკასიური კეთილშობილი ირის მონიტორინგსა და მისი რიცხვნების დადგენას უკავშირდებოდა. ირმების აღრიცხვა მისთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ვერიკოს სურს, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს გარემოს დაცვით და უფრო მეტმა ადამიანმა იგრძნოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

„სამოქალაქო პასუხისმგებლობის გარეშე არაფერი გამოვა. რაც არ უნდა ჯარიმა დააწესო, რაც არ უნდა აკრძალო, თუ ადამიანებს არ ექნებათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ ექნებათ ცნობიერება გაზრდილი, თუ რა ზიანს აყენებს თუნდაც ბრაკონიერობა, თუნდაც დაბინძურება, თუნდაც მანქანის გამონაბოლქვი და ა.შ. თუკი ამ ყველაფერს არ გააცნობიერებენ ადამიანები, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება ბრძოლა. ეს პროექტი არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, რადგან გვაქვს ურთიერთობა თემთან, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც კავშირში არიან დაცულ ტერიტორიებთან და მათთან საუბრით, კომუნიკაციით შესაძლებელია გარკვეული შედეგის მიღწევა“ - ვარიკო ბაზალი.



ნინო, ანა, ნინო, ვერიკო, ნინო და ელიური, პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აგრძელებენ ფოტოხაფანგებით მონიტორინგს და ადგილობრივ თემთან კომუნიკაციას.

პროექტს "ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით", ახორციელებს NACRES, ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების გრანტის ფარგლებში.









Print