ქალის ბლოგი
სურამელი ქალების „დროში გაყინული“ ბიზნესი
სურამში მცხოვრები მზია ჯოგლიძე 16 წელია ნაზუქებს აცხობს და ყიდის. საოჯახო ბიზნესი შემოსავლიანი იყო იქამდე, სანამ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საერთაშორისო პროექტი დაიწყებოდა. მას შემდეგ ბიზნესიც ჩავარდა და ადგილობრივი ქალებიც, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. ამ ყველაფერს კორონავირუსის პანდემიაც დაემატა, რის გამოც წელს ქვეყანაში უცხოელი ტურისტი ვერ შემოვიდა და მათი გამომცხვარი ნაზუქები მომხმარებლების გარეშე დარჩა.

„პირველ რიგში პრობლემა შეგვექმნა იმ მხრივ, რომ ქვეყანაში ტურისტი არ შემოვიდა. წელს რომ ტურისტი შემოსულიყო, კიდევ რაღაც იქნებოდა. ახლა აღარც ტურისტმა გვამუშავა, ეს გზაც გადავიდა, ეს ხალხი ვისაც ჩვენი ნაზუქი აინტერესებდა, ახლა იმ გზით დადის. აქ კიდევ ადგილობრივი მანქანები რაც მოძრაობენ, მათ ნაზუქი არ აინტერესებთ. ასე რომ ჩვენი ბიზნესი ჩააგდო გზის გადასვლამ. ამ კუთხით, სამი ხელშემწყობი პირობაა: კორონავირუსი, გზის მშენებლობა და ქვეყანაში ტურისტის არ შემოსვლა“ - გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები მზია ჯოგლიძე.



მზია ჯოგლიძესთან ერთად, პრობლემაზე გვიყვება მისი მეზობელი და ამავე ბიზნესში ჩართული ქეთინო ნოზაძეც. ამბობს, რომ აქამდე ამ ბიზნესით ოჯახსაც ინახავდნენ, საბანკო ვალდებულებებსაც ასრულებდნენ და საბოლოო ჯამში, უკმაყოფილოები არ იყვნენ. ახლა კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ. აქამდე თუ დღეში 100-მდე ნაზუქს აცხობდნენ, ახლა შეამცირეს მათი რაოდენობაც და ხანდახან მის სრულად გაყიდვასაც ვერ ახერხებენ.

„ზაფხულში ბევრს ვაცხობდით ხოლმე, 70-80 ნაზუქს დაახლოებით ან უფრო მეტსაც და ახლა ვაცხობთ 30-ს. გუშინ მაგალითად გავყიდე 20 ცალი. ეგეც ჩვენი „კლიენტები“ იყვნენ და ამიტომ თორემ, მაგდენიც არ გაიყიდებოდა. პენსიონერები ჩვენ არ ვართ, სამსახურები ჩვენ არ გვაქვს. ამ ასაკში კიდევ სამსახურის პოვნა კი იცით როგორი რთულია. რომ წავიდეთ სადმე და ახალი თონე დავდგათ ან რამე, მაგის საშუალებაც არ გვაქვს. 2000 ლარი მაინც უნდა, რომ ხელახლა წამოიწყო ბიზნესი“ - ამბობს ქეთინო ნოზაძე.

მზია და ქეთინო საუბარში ერთმანეთს ენაცვლებიან და გულისწუხილს ერთად გვიზიარებენ. ამბობენ, რომ როგორც თვითდასაქმებულმა ქალებმა პანდემიის დროს, ვერც სახელმწიფოს დახმარებით ისარგებლეს. ხელშეწყობას ითხოვენ და იმასაც ამატებენ, რომ ამ მშენებლობის შესახებ არც ინფორმირებულები იყვნენ და არც გაფრთხილებულები, როდის რა იქნებოდა.



„თვითდასაქმებულები ვართ. 300 ლარიან დახმარებაზე მივედი, ვერაფერი ჩვენ ვერ გავაკეთეთ. ერთხელ მივედით - ადრეაო, მეორედ მივედით დაგვიანდაო“.

„ფულადი დახმარება გვესაჭიროება, რომ ჩვენ საბანკო ვალდებულებებს რამენაირად მივხედოთ“.
„თვითდასაქმებულები ვართ, ვის აქვს ჩვენი დარდი?“

„ისე უნდა ეთქვათ, ამა და ამ დროს, ასე იქნება. ინფორმირებული არ ვიყავით“
- ამბობენ ჩვენთან საუბრისას მზია და ქეთინო.

სურამში, დაახლოებით 500 თონეა და 1000-მდე ოჯახია დამოკიდებული ამ ბიზნესზე. მშენებლობის გამო, გრიგოლ სურამელის ქუჩაზე მყოფი ნაზუქის მცხობელები დარჩნენ მომხმარებლების გარეშე. ამ მონაკვეთზე, როგორც გვეუბნებიან სავარაუდოდ 300 თონე იქნება. პრობლემა თითქმის ყველას ერთნაირად აწუხებს.




ქეთინო ნიორაძეც დაახლოებით 20 წელია ამ საქმითაა დაკავებული და ახლა ისიც იგივე პრობლემის წინაშეა.

„100-150-ზე მეტ ნაზუქს ვყიდდით და ახლა 20-საც ვერა. ადრე ამ შემოსავლით ოჯახს ვარჩენდით, ახლა ვეღარ. ადრე ისეთი კარგი მუშაობა გვქონდა, თონიდან ვერ ვიღებდით თავს. წელს არც ტურისტია, გზამაც ხელი შეგვიშალა და დავრჩით გაღიმებულები, ღმერთის და ბედის ანაბარად. 20-ზე მეტი თონე დარჩა უსაქმოდ ამ ტერიტორიაზე. გამგეობაში გვითხრეს, რომ მოსახლეობის ნაწილმა კომპანიისგან ერთჯერადად ფულადი დახმარება მიიღო, სავარაუდოდ 3000-4000 ლარის ოდენობით. რამდენმა ოჯახმა ისარგებლა ამ დახმარებით, არ ვიცი. მგონი 10-15 ოჯახი იყო. ის ადამიანები ავტობანის ტერიტორიამდე იდგნენ. ამჟამად საერთოდ ვეღარ მუშაობენ, ელოდებიან ისევ იმ ახალ ავტობანს. კარგია რომ ავტობანი კეთდება, მივესალმები, მაგრამ ხალხი უმუშევარი დარჩა. ძალიან ძნელია, როცა მთელი თვის შემოსავალს ნაზუქიდან ელოდები და მერე უცებ არაფერი, რა თქმა უნდა რთულია. ყველას ის ახალი გზა ურჩევნია და იმ გზით დადის უკვე და აქეთ ვინმე გზააბნეული თუ გამოივლის“ - გვიყვება ქეთინო ნიორაძე.



როგორც თვითდასაქმებულმა, სახელმწიფო დახმარებით ვერც ქეთინო ნიორაძემ ისარგებლა. სამომავლო პერსპექტივას კი ვერ ხედავს. ქეთინოც და მზიაც ამბობენ, რომ დაპირებისამებრ, მშენებლობის დასრულების შემდეგ ნაზუქების გაყიდვას კვლავ შეძლებდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ დაპირებაზე დიდ იმედებს ვერ ამყარებენ. არც ის იციან, როგორ პირობებში მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება.

„დახმარებაზე მივაკითხე გამგეობას და არც ერთჯერადი და არც არაფერი არ შემეხო. ხომ იყო ის 300 ლარიანი დახმარება, გვითხრეს ჯერ ადრეაო, მერე გვითხრეს უკვე დაგვიანებულიაო და ვერ გავიგე რა დროს უნდა მივსულიყავით. ვერ ვისარგებლე, გამოგვეპარა. იყო დაპირება ადგილობრივი თვითმმართველობიდან და ველოდებით დახმარებას, მაგრამ ამას უნდა წლები... გვითხრეს, რომ გამოჩნდება ადგილი და დაგასაქმებთო, დაიდგმება თონეები და დასაქმდება ხალხიო. ვნახოთ, დაპირება თუ არ დარჩა დაპირებად“ - ქეთიონო ნიორაძე.




„ჩვენ გვპირდებიან, რომ როდესაც ავტობანის მშენებლობა დასრულდება, იქვე გამოგვიყოფენ ადგილს ახალ გზაზე და დაგვასაქმებენ, მაგრამ ეს სამომავლო გეგმებია... წინდაწინ არ ვიცით! მაგრამ, თუ ერთად ვიქნებით, ალბათ ცუდი არ იქნება, სულ არაფერს, აჯობებს. მეტი გზა არ გვაქვს, კი დავთანხმდებით ამ შემოთავაზებას, მაგრამ ეს როდის იქნება?“ - მზია ჯოგლიძე.

სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ, საავტომობილო გზები ერთმანეთს შემდეგი მიმართულებებით დაუკავშირდება. თბილისიდან დასავლეთის და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს აგარის სატრანსპორტო კვანძიდან სურამის სატრანსპორტო კვანძამდე ახალი გზით.

აგარების სატრანსპორტო კვანძის გავლით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია დასავლეთის მიმართულებით, ხოლო ამავე კვანძის გამოყენებით სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება არსებულ საავტომობილო გზაზე უცვლელი მარშრუტით. სურამის სატრანსპორტო კვანძის გავლით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუკავშირდება ძველ საავტომობილო გზას 135-ე კმ-ზე, რითიც შესაძლებელია გადაადგილება როგორც დასავლეთის ასევე ქალაქ ხაშურის მიმართულებებით.




საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. მათი განმარტებით, ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. უწყებაში გვპასუხობენ: თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.





რაც შეეხება ადგილობრივი ქალების ბიზნესს და მათ ინტერესებს, რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში „ადგილზე გაიყინა“, დეპარტამენტში ამ კითხვაზეც გვიპასუხეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ გზის მიმდებარედ არსებული მცირე ბიზნესის ინტერესებს და ჩვენი ინიციატივით, ხაშურის შემოვლითი გზის მიმდებარედ, შროშაში, ზესტაფონში და ლანჩხუთშიც მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები. აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ შარშან იყო ინფორმირებული ადგილობრივი მოსახლეობა. მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საშუალება ექნება საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში. გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. ახალი სავაჭრო სივრცეები, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში. ჩვენ ავაშენებთ სპეციალურ მოედნებს, კერძოდ, გზის პირას აშენდება თითო მხარეს 2 000 კვადრატული მეტრის მოედანი, რომელსაც გაუკეთდება შესაბამისი მისასვლელი გზა. შემდგომ მოხდება უკვე შენობის პროექტირება, ადგილობრივ გუბერნიასთან შეთანხმებით და ეს სივრცეები სამართავად ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცემა“ - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.



საავტომობილო გზების დეპარტამენტში იმასაც ამბობენ, რომ პროექტის დაწყებამდე მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და დოკუმენტის შემუშავება, იმისათვის რომ სამუშაოებს ზიანი არ მიეყენებინა როგორც გარემოსთვის, ასევე იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

დოკუმენტი იხილეთ ვრცლად:

აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის E-60 ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის (126კმ- 143კმ) მოდერნიზების სამუშაოების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება


რაც შეეხება დოკუმენტს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვპასუხობენ, რომ CSR ყველა საერთაშორისო კომპანიას აქვს შემუშავებული, რომელიც ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მუშაობს. თუმცა, ეს არის მათი შიდა დოკუმენტი და საჯაროდ ხელმისწვდომი არ არის. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის უცნობია რას გულისხმობს მათი CSR დოკუმენტი და რა აქვთ გათვალისწინებული ხალხის ინტერესების დასაცავად.




CSR ექსპერტი იზა გიგაური კი აცხადებს რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ რომ გამჭვირვალობაა, ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ეს დოკუმენტი დახურული არ უნდა იყოს.

“CSR -ის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ გამჭვირვალობაა, ყველა მიმართულებით. თუ კომპანიას აქვს CSR, ის ხსნის თავის ფინანსურ ანგარიშებს. ყველა კუთხით ცდილობს რომ იყოს გამჭვირვალე. მითუმეტეს CSR დოკუმენტი არანაირად არ არის შიდა დოკუმენტი. ის ყოველთვის საჯაროა და ანგარიშგების ვალდებულებასაც მოიცავს. კომპანიები წლის ბოლოს ან რამდენიმე თვის შემდეგ ამას ასაჯაროებენ. ზოგჯერ იმასაც აქვეყნებენ, თუ რა ოდენობის თანხა დაიხარჯა CSR -ის მიმართულებით CSR -ის პროექტებზე. ამდენად, ძალიან უცნაურია ის, რომ CSR დოკუმენტები არ არის საჯარო“ – აცხადებს იზა გაგაური.




იზა გიგაური იმასაც ამბობს, რომ აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა და მოლაპარაკების გზით, მათი ინტერესების გარკვევა. საჭიროა გათვალისწინებული იყოს მათი მოთხოვნები, იმისათვის რომ ადგილობრივი ქალების საოჯახო ბიზნესი არ შეეწიროს პროექტს. მნიშვნელოვანია თუ მოხდება რაიმე ალტერნატიული საშუალებების შეთავაზება, მშენებლობის დასრულებამდე, რომ არ მოხდეს მცირე ბიზნესის „დროში გაყინვა“.

„აუცილებელია ბიზნესმა გაითვალისწინოს ხალხის ინტერესები ასეთი მშენებლობის დაწყებამდე. სახელმწიფო გრანტის ფარგლებშიც შეიძლება დაფინანსდეს ეს მიწოდების ქსელი. მაგალითად: დისტრიბუტორებმა ჩაიბარონ ადგილობრივების ნაზუქები და მოახდინონ მათი რეალიზება მაღაზიებში. სურამის შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს ჯიხურები ან მაღაზიები ავტობანის სიახლოვეს და ამ საერთაშორისო კომპანიის CSR -ის ბიუჯეტის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. არც ისეთი დიდი პრობლემაა, ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინება, რომ შეუძლებელი იყოს მისი მოგვარება. მთავარია მოსახლეობასთან დიალოგი, მათი საჭიროებების დადგენა და იმის გარკვევა, თუ როგორ ხედავენ ამ პრობლემის მოგვარების გზებს, ახალ რელობაში სად ხედავენ თავიანთ თავს, საკუთარ ბიზნესს და რა სახის ხელშეწყობა სჭირდებათ“ - იზა გიგაური.



აქვე გეტყვით იმასაც, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022-2023 წლისთვის, ეტაპობრივად. სწორედ ამ 2-3 წელიწადში გაირკვევა, სურამელი ქალების ნაზუქების ბიზნესის ბედი, კვლავ „გაყინულ“ მდგომარეობაში დარჩება თუ შეძლებს უფრო მეტად განვითარებას.




Print