არჩევნები 2016
ბორჯომი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტორეპორტაჟი
ბორჯომის პარკში, 9 აპრილის ქუჩა, რომელიც ტურისტებისგან ყველაზე დატვირთული, ფერადი და ხმაურიანი იყო, დღესდღეობით ასე გამოიყურება. ირგვლივ ყველაფერი დაცარიელებულია. ამ ჩაყოლებაზე აქამდე თუ სუვენირების, ნუგბარის, ტკბილეულის დიდი არჩევანი იყო, ახლა აქ აღარც გამყიდველია და აღარც მყიდველი.











ბორჯომის ცენტრალური პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და სტუმარი წელიწადის ნებისმიერ დროს ჰყავდა, ახლა აქ შესვლა თითქმის აღარავის აინტერესებს. ხალხისგან არის დაცარიელებული პარკის შიდა და გარე პერიმეტრი.









დაკეტილია მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, კვების ობიექტები და ყველაფერი რაც აქამდე აქტიურად ფუნქციონირებდა.









ბორჯომის პარკის შემდეგ გადმოვინაცვლოთ ქალაქის ცენტრში. მდგომარეობა აქაც იდენტურია. ქუჩებში, ძირითადად საავტომობილო მოძრაობა შეინიშნება ისიც შეზღუდულად.





ქალაქის ცენტრში მუშაობს სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები და ფოსტა მუშაობს. ამ ხუთი ძირითადი ობიექტის გარდა, სხვა დანარჩენი ყველაფერი დაკეტილია. ქუჩაში იშვიათად შეხვდებით ფეხითმოასიარულეებსაც.





ბორჯომი არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც ქუჩები ხალხისგან დაცარიელდა. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, გარეთ გადაადგილება მოქალაქეებს შეეზღუდათ.



პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოში საგანგებო რეჟიმი გუშინ, 21 მარტს გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსს უკავშირდებოდა, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის. მთავრობის მეთაურის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებული დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდატო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები.

“საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა. დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები. იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტულ საქმიანობის განხორციელება. აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვევებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებება. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად” - განაცხადა გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით ოფიციალურად გამოაცხადა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გამოცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი ბრძანება და დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. პარლამენტმა, ასევე, დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ გაცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები ეზღუდებათ. დღეიდან დახურულ ტერიტორიებზე, მათ შორის ვერც მაღაზიებში ერთდროულად 10-ზე მეტი პირი ვერ შევა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებზეც და დაუშვებელი ხდება, ტაძრებში ერთდროულად 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

შესაბამისად, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი 21 აპრილამდე შენარჩუნდება. რაც შეეხება სქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას. 22 მარტის მონაცემებით, დადასტურებულია 54 შემთხვევა, აქედან 3 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 2956 პირი კარანტინის რეჟიმშია, ხოლო 291 მოქალაქე სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ფოტოები გადაღებულია 21 და 22 მარტს.


Print E-mail
FaceBook Twitter