ინტერაქტიული მულტიმედია
ბორჯომის 32 სოფელში, ხალხის მიერ შერჩეული 34 პროექტი განხორციელებულია (R)
სოფელ ზანავში მცხოვრებ ქრისტინე გურგენიძეს და მის თანატოლებს, გასართობი ადგილის ძებნა აღარ მოუწევთ, რადგან მათთვის სოფელში, ახალი სკვერი ეწყობა. 



დამონტაჟდება სასრიალოები და განთავსდება სკამები. კლუბისა და ბიბლიოთეკის მიმდებარედ, მალე უფროსებს დასასვენებელი, პატარებს კი სათამაშო ადგილი ექნებათ. 



სკვერის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, დასრულება დაახლოებით ერთ კვირაში იგეგმება. დასასვენებელი ადგილი მოსახლეობამ მოითხოვა. სოფელში ჩატარდა კრება და პრიორიტეტული პრობლემა ადგილობრივებმა შეარჩიეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი მისი განხორციელება დაიწყო. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსებს, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაემატა.




ზანავის მსგავსად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სკვერების მოწყობა მოითხოვა მოსახლეობამ კორტანეთში, ბეშეთში, ვარდგინეთში, ჭობისხევში, მზეთამზეში, დაბასა და ტიმოთესუბანშიც. 



ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობის მხრიდან სხვა პრიორიტეტი გამოვლინდა ყვიბისში. 







მათი მოთხოვნით, სოფლის ცენტრში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი მოწესრიგდა, მოპირკეთდა წყლის ბიუვეტი, დაიდგა დასასვენებელი სკამები და იქამდე მისასვლელ გზაზე დამონტაჟდა გარე განათებები. გარე განათებების დამატება იყო ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა სოფელ საკირეშიც. 






წელს ზოგიერთ სოფელში საჭიროებები დაემთხვა, ზოგიერთ თემში გამართულ კრებებზე კი სულ სხვა საკითხები მიიჩნიეს პრიორიტეტულად. გზის მოწესრიგება, სასაფლაოს შემოღობვა, კულტურის ობიექტის მოწყობა, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემა, ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო სოფელ თორსა და პატარა მიტარბში 24 საათიანი წყალმომარაგება. 



თითოეულ სოფელში დაახლოებით 15 კომლი ცხოვრობს და ამ დრომდე მათ სუფთა სასმელი წყალი არასდროს მიეწოდებოდათ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ კი მათ მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარა. 



მოსახლეობამ ძვირადღირებული პროექტის განხორციელება ითხოვა. ამისათვის კი თანხები გამოიყო როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან.




აღსანიშნავია ის, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 32 სოფელში, 34 პროექტი განხორციელდა. ცენტრალური ბიუჯეტიდან 456 000 ლარი გამოიყო, ამას დაემატა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-იანი თანადაფინანსება და ჯამში, ყველა ამ სოფელზე დაიხარჯა 912 000 ლარი. მოგვარდა ხალხისთვის პრიორიტეტული და მრავალწლიანი პრობლემები. 




საქართველოს მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში, ისევე როგორც სხვაგან, ბორჯომის სოფლებშიც მოგვარდა როგორც ყოფითი, ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემები. სახელმწიფო პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება, კვლავ გამოავლენს მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს და რაც მთავარია, მოუგვარებს მასშტაბურ და მრავალწლიან პრობლემებს.
FaceBook Twitter