ინტერაქტიული მულტიმედია
„25 წლიანი ლოდინის შემდეგ ულამაზესი ბაღი აგვიშენეს“ - დვირელები ახალ ბაღზე






ონისე, დაჩი და გაბრიელი სოფელ დვირში ცხოვრობენ, 4-5 წლის ბიჭები საბავშვო ბაღში მეზობელ სოფელში დადიან. იმის გამო, რომ დვირში ბაღი არ არის, ამ დასახლებიდან ბავშვები, საბავშვო ბაღში მშობლებს ტაძრისში, ლიკანსა და ბორჯომში დაჰყავთ.

„ჩემი შვილები დადიოდნენ დვირის ბაღში, შვილიშვილები საკირეში დადიან. ბაღი ჩვენს სოფელში კომუნისტების დროს იყო, დაახლოებით 25 წელია რაც დაინგრა და მას შემდეგ ასე ვწვალობთ მთელი სოფელი, ზოგს ლიკანში დაჰყავს და ზოგს ბორჯომში“ - ამბობს გაბრიელის და ონისეს ბებო, მაია კევლიშვილი.


გიორგი კევლიშვილი

საერთოდ არ დადის ბაღში 5 წლის გიორგი კევლიშვილი, გიორგის დედამ , ნინო გასიშვილმა გადაწყვიტა, რომ დვირის ბაღის გახსნამდე, შვილი სხვა ბაღში არ წაეყვანა, ახლა დედაც და შვილიც სოფელში ბაღის გახსნას მოუთმენლად ელიან.

ახალი ბაღი კი დვირში ძალიან მალე გაიხსნება. დასახლებაში 25 წლიანი ლოდინის შემდეგ საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო. ახლა დვირის ცენტრში ფერადი ბაღი, ლამაზი ეზოთი და სხვა ინფრასტრუქტურით უკვე დასრულებულია.

„აგვიშენეს საბავშვო ბაღი, ძალიან გვიხარია, გვითხრეს ორ კვირაში გაიხსნებაო და შვილი სხვა ბაღში აღარ მივიყვანე. დაველოდებით და ჩვენი სოფლის ახალ ბაღში მივიყვან. სასკოლო მზაობასაც აქ გაივლის. გრანდიოზული ბაღია“ - ამბობს ნინო გასიშვილი

დვირის ბაღის მშენებლობა 2019 წლის იანვარში დაიწყო. ჯერ ძველი შენობის დემონტაჟი მოხდა.


საბავშვო ბაღის ძველი შენობა

სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. მშენებლობისთვის 709 497 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო. ახლა, ახალი შენობა უკვე დასრულებულია, ყველა სახის კომუნიკაციით, გათბობით, მოწესრიგებული ინტერიერით და ექსტერიერით, ახალი ტექნიკით, ავეჯით და ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.



დვირის ბაღის ახალი შენობა

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის წლის პროექტი. ისეთი ბაღი, როგორიც დვირში აშენდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად არ არის. ახალი ბაღი სამი სოფლის დვირის, ჩითახევის და ქვაბისხევის 50 პატარას მოემსახურება“ - ამბობს ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია.

ახალი ბაღის მშენებლობა განსაკუთრებით უხარია დვირის საჯარო სკოლის დირექტორს დარეჯან კევლიშვილს, გარდა იმისა, რომ შვილიშვილის ტარება ლიკანის ბაღში აღარ მოუწევს და ზედმეტ ხარჯს თავიდან აიცილებს, სკოლაშიც ბაღგავლილი პირველკლასელები უფრო მომზადებულები მივლენ

„ბაღგავლილი ბავშვები უფრო მოწესრიგებულები და კომუნიკაბელურები არიან. ცა და დედამიწასავით განსხვავდება ოჯახიდან და ბაღიდან მოსული პირველკლასელი. ამდენი წელია ამ ბაღის აშენებას ითხოვს სოფელი და წელს ძალიან გავიხარეთ“ - დარეჯან კევლიშვილი




„მთელი სოფელი შევჩერებივართ ამ ბაღის გახსნას. უმაღლეს დონეზე აშენდა, არ ვიცი, ასე ამბობენ საქართველოში ასეთი ბაღი მხოლოდ სამიაო, წარმოიდგინეთ როგორ უჭირდა სოფელს ათეულობით წლები და როგორ დაგვყავდა ბავშვები სხვა სოფლის ბაღში.“ - სიხარულს ვერ მალავს დვირში მცხოვრები მზიური გელაშვილი

ბაღი დვირში ნოემბრის თვეში გაიხსნება. დვირელ პატარებს დილით ძალიან ადრე გაღვიძება და სხვა სოფელში სიარული აღარ მოუწევთ. სოფლის ცენტრში მათ ახალი და ფერადი ბაღი ელოდებათ.

(R)




FaceBook Twitter