ინტერაქტიული მულტიმედია
„წაღვერის კულტურის სახლის რეაბილიტაცია, წელს ყველაზე მასშტაბური პროექტია ბორჯომში“ - ბუბა ბერიძე
დაბა წაღვერის ცენტრში, მარჯვენა მხარეს არსებული, ორ სართულიანი შენობა, უსახური ფასადით, ჩამსხვრეული მინებით და წარწერით „წაღვერის საქალაქო კულტურის სახლი“, დაბას წლებია „ამშვენებდა“.

მოსახლეობა წაღვერის კულტურული ცენტრის რეაბილიტაციას, ასევე წლებია უშედეგოდ ითხოვდა. ათწლეულების შემდეგ დაბაში კულტურის სახლის, სრული რეაბილიტაცია დაიწყო.




კულტურის სახლის რეაბილიტაციის დასაწყებად და მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდა, სამუშაოები შპს „დიკა 2010“ ივლისის ბოლოს დაიწყო.

„დემონტაჟის შემდეგ შეილესა ფასადი და შიდა კედლები, მოიჭიმა იატაკი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა. ამ ეტაპზე შენობის ორივე სართულზე მიმდინარეობს კაფელ-მეთლახის სამუშაოები, აიკრა თაბაშირ-მუყაო“ - ამბობს სამუშაოების ხელმძღვანელი კობა ენუქიძე.





შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის, მოეწყობა სპეციალური ლიფტი, შეიცვლება ყველა სახის კომუნიკაცია, დამონტაჟდება გათბობის სისტემა. მთლიანად განახლდება სცენა და დარბაზი, ასევე ღია სცენა დამონტაჟდება შენობის გვერდით. გრანიტის ფილებით მოპირკეთდა ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია.



გიორგი ანთია წაღვერის კულტურის სახლის ქორეოგრაფია, 3 წელია, რაც სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, ცეკვის გაკვეთილებს უტარებს. კულტურის სახლში ბავშვები მეზობელი სოფლებიდანაც დადიან. ქორეოგრაფსაც და მოსწავლეებსაც ნახევრად დანგრეულ შენობაში მუშაობა უჭირდათ.

„არც დარბაზი იყო შესაბამისი, არც საპირფარეშოები, გათბობის პრობლემა მხოლოდ ბოლო წლებში მოგვარდა, ბავშვებს გამოცვლა დერეფანში უწევდათ, ფაქტობრივად პირობები არ გვქონდა და ისე ვმუშაობდით. ახლა იანვარს ველოდებით და შენობის რეაბილიტაციის დასრულებას, რა თქმა უნდა პირობებიც კარგი გვექნება და შემართებაც შესაბამისი“ -ამბობს 22 წლის ქორეოგრაფი.



წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს უწოდებს წაღვერის კულტურის სახლის რეაბილიტაციას ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

„წაღვერის კულტურის სახლის რეაბილიტაცია, წელს ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია ბორჯომის მუნიციპალიტეტში. შენობის სრული აღდგენის და ინვენტარით აღჭურვისათვის მილიონ ასი ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. მოეწყობა 350 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, რაც წაღვერს მისცემს საშუალებას უმასპინძლოს რეგიონულ და ეროვნულ ფესტივალებს“ - ამბობს ბუბა ბერიძე.


ასეთი იქნება ახალი კულტურის სახლი წაღვერში

წაღვერის კულტურის სახლში, სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფში 135 მოზარდი დადის. სულ ცენტრში 12 წრე ფუნქციონირებს. კულტურის სახლის ხელმძღვანელი დალი ქასაშვილი რეაბილიტაციის დასრულებას მოუთმენლად ელის და ამბობს, რომ რეაბილიტაციის პროცესს ცენტრის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია.

„მუშაობას ვაგრძელებთ ჩვეული ტემპით, მუსიკალური სკოლის შენობაში ორი ოთახი და დარბაზი გამოგვიყო ბატონმა ოთარ არბოლიშვილმა და რწმუნებულმა პაატა პაქსაშვილმა. დარბაზისთვის იატაკი მოგვიწესრიგა ქალბატონმა ნუნუ ხოლუაშვილმა და ამასთან ორი გაზის გამათბობელიც დავამონტაჟეთ. ხარჯს მუნიციპალიტეტი გადაგვიხდის.“ - დალი ქასაშვილი

ქორეოგრაფიული ანსამბლი, კარატე-დოს სექცია, ფანდურის შემსწავლელი ჯგუფი, გოგონათა ვოკალური ჯგუფი, თეატრალური სტუდია და ა.შ - ეს ჯგუფები ჩვეულ რეჟიმში და უჩვეულო, თანამედროვე კულტურის სახლში მუშაობას იანვრიდან შეძლებენ.

2020 წლიდან ცენტრი ახალ შენობაში მუშაობას, ახალი ენერგიით და ენთუზიაზმით შეუდგება. პარალელურად კი საკურორტო დაბას ძველი და ჩამოშლილი კულტურის სახლის შენობა აღარ დაამახინჯებს.

(R)
FaceBook Twitter