ინტერაქტიული მულტიმედია
ჩააგდებს თუ არა ავტობანი, ნაზუქების ბიზნესს სურამში?
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამი, ნაზუქების მხარედ ითვლება, რადგან მოსახლეობის ნახევარი ამ ტკბილი პურის გამოცხობა-გაყიდვითაა დაკავებული. ამ დროისთვის სურამში დაახლოებით 200-მდე თონეა და თითოეულ თონეზე 3-4 ოჯახია დასაქმებული. ნაზუქები განსაკუთრებით მოთხოვნადია გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როცა დამსვენებლები გადაადგილდებიან დასავლეთის მიმართულებით. ეს არის ადგილობრივების მთავარი შემოსავლის წყარო, თუმცა შესაძლოა ამ საოჯახო ბიზნესს საფრთხე დაემუქროს. ავტობანის მასშტაბური პროექტი, რომელიც ხაშურის შემოვლითი გზით, რიკოთის გვირაბს შეუერთდება, ნაზუქების ცხობისა და გაყიდვის ტრადიციას გაქრობით ემუქრება, ასობით ოჯახს კი – შემოსავლის გარეშე დატოვებით.



მიუხედავად იმისა, რომ პროექტის საბოლოოდ განხორციელებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, დაბა სურამის მაცხოვრებლები უკვე საუბრობენ მოსალოდნელ რისკებზე, რომელიც მათ ბიზნესს განვითარების პერსპექტივას უკარგავს და ოჯახებს, ხშირ შემთხვევაში, ერთადერთი შემოსავლის გარეშე ტოვებს. 



„ეს არის ჩვენი შემოსავალი. ავტობანის გაკეთების დროს, ეს გზა აქ თავისთავად აღარ იქნება. მერე რა იქნება ვერ გეტყვით. შემოსავლის წყარო ალბათ დაიკეტება ჩვენთვის“ - გვეუბნება ირმა ტაბატაძე.



მაია შუბითიძეც, რომელიც ნაზუქებს აცხობს და ჰყიდის, გვეუბნება რომ ამ საქმითაა დაკავებული სურამში მოსახლეობის ნახევარი. ავტობანი კი მათ ლუკმა-პურის გარეშე დატოვებს.

„ნაზუქები აქ ზამთარ-ზაფხულ ცხვება, ნახევარი სურამი ამით ირჩენს თავს. თითოეულ თონეზე 3-4 ოჯახია დასაქმებული. თუ რაღაც არ გააკეთეს იმ ავტობანზეც, სურამს სხვა შემოსავალი არაფერი აქვს. ქარხანა აქ არ არის, ფაბრიკა არ არის და არაფერი“ - წუხს მაია შუბითიძე.



ავტობანის მშენებლობა სურამში ყველას ერთნაირად აღელვებს. ვალიკო პაპა 20 წელია ამ ბიზნესითაა დაკავებული და შიშობს რომ უმუშევარი დარჩება თავადაც და მისი ოჯახიც.

„დავბერდით ამ საქმეში. ავტობანი რომ გაკეთდება, ვეღარ გავყიდით, ისე გადაივლის გზა და დავრჩებით უმუშევრები“ - გვიყვება ვალიკო ბარბაქაძე.



94 წლის ლილი ბებოც ნაზუქებით მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული. თავს პენსიით ირჩენს და შიშობს, რომ მთელი ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩება ავტობანის გაკეთების შემთხვევაში.

„მერე ჩვენ სად წავიდეთ, რა უნდა ვჭამოთ? 200 ლარი მაქვს პენსია და მიდის გადასახადებში, რაში ვიმყოფინო?“ - ლილი გოგოლაძე.



აღსანიშნავია, რომ ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტობანის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო და იმედოვნებენ, რომ 5 წელში დასრულდება. პროექტის მიხედვით, ახალი ავტობანი სურამს გვერდს აუვლის და გზა, რომელიც დღეს ცენტრალურია, მეორეხარისხოვანი გახდება. შესაბამისად, ნაზუქების მცირე ბიზნესი დიდ ზარალს ნახავს, რადგან გაყიდვები სწორედ სატრანზიტო გზაზე გამავალ ტრანსპორტზე იყო დამოკიდებული. სურამში მცხოვრები ასმათ ხოჯოევი ფიქრობს, რომ ცხოვრების გაგრძელება ნაზუქების ბიზნესის გარეშე მოუწევთ და ამ შემთხვევაში ახალი შემოსავლის ძიება უნდა დაიწყონ.



„ავტობანი რომ გაკეთდება, ეს ნაზუქები აღარავის ენდომება და ჩვენც ალბათ ბინებს გავაქირავებთ და ეგ იქნება. აბა სხვა რა გზა გვაქვს, თავი ხომ უნდა ვირჩინოთ როგორმე?“ - ასმათ ხოჯოევი სურამიდან.



FaceBook Twitter