ინტერაქტიული მულტიმედია
ზრდასრულთა განათლება სამცხე-ჯავახეთში
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღში ან საჯარო სკოლაში ვსწავლობთ, მუდმივად ვფიქრობთ იმაზე, წლების შემდეგ რა პროფესია გვინდა რომ ავირჩიოთ.

ვინ გინდა გამოხვიდე? - ეს კითხვა ამ პერიოდში ყველაზე აქტუალურია, რასაც გვისვამენ ხოლმე. ჩვენი პასუხები კი შესაძლოა განსხვავებული. ზოგს მასწავლებლობა სურს, ზოგს ექიმობა, ზოგს ჟურნალისტობა, პოლიციელობა, იურისტობა და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.


წყარო: Google.com

თუმცა, რეალურად როგორ არჩევანს ვაკეთებთ წლების შემდეგ, როცა აბიტურიენტი ვხდებით, ეს მეორე საკითხია. მაღალანაზღაურებადი, პოპულარული, ადვილად დასაქმებადი თუ უბრალოდ საყვარელი და საინტერესო საქმე - აქედან გამომდინარე ვცდილობთ ავირჩიოთ მომავალი პროფესია და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ან წარმატებული იქნება ან წარუმატებელი.

ხშირ შემთხვევაში, აბიტურიენტები არჩევანს ისეთ პროფესიებზე აკეთებენ, რომლებიც პოპულარულია და არ ფიქრობენ იმაზე გამოადგებათ თუ არა ეს ყველაფერი ცხოვრებაში. ისინი ნაკლებად ფიქრობენ დაეუფლონ იმ ხელობას, რომელიც დღევანდელ ბაზარზე მოთხოვნადია და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია.


წყარო: Google.com

მიუხედავად ამისა, შესაძლებლობებს საკუთარ თავში, ზოგიერთი ადამიანი გვიან აღმოაჩენს, ზოგიც ადრე. მაგ: ზოგს ხეზე მუშაობა მოსწონს, ზოგიერთი ჭრა-კერვით, ქარგვით არის დაინტერესებული, ნაწილს მშენებლობის სფერო ხიბლავს და ა.შ.

ზრდასრულთა განათლებაში, შესაძლებლობებიც და არჩევანიც უსასრულოა...

ის, რომ დღეს ქვეყანაში ადამიანებს დასაქმება უჭირთ, რომ აღარაფერში ადგებათ ათეული წლების წინ მიღებული დიპლომები, ან საერთოდ არა აქვთ ეს დიპლომი და არც რაიმე პროფესია თუ ხელობა, არ იციან, სად დასაქმდნენ და როგორ მოიპოვონ საკუთარი საარსებო და სამუშაო ადგილი შრომით ბაზარზე.



წყარო: Google.com

ხოლო, მეორე მხრივ - ის, რომ დამსაქმებლები სანთლით ეძებენ და ვერ პოულობენ კვალიფიციურ კადრებს თავიანთი ბიზნესისთვის, რომ ამ საყოველთაო უმუშევრობის პირობებში ვერ იპოვით, მაგალითად, კარგ მცხობელს საცხობში დასასაქმებლად, კარგ სტილისტს - სალონისთვის, კარგ მკერავს ან კარგ ხელოსანს ნებისმიერ ყოფით სფეროში - ეს სწორედ ზრდასრულთა განათლების თემაა და სათანადო ყურადღებისა და რეალური მხარდაჭერის პირობებში, ასეთი პრობლემები არც ბიზნესს ექნება და არც ხალხს.


წყარო: Google.com

რას ნიშნავს ზრდასრულთა განათლება? ეს არის თვითგანვითარებაზე ორიენტირებული განათლება, რომლებსაც ადამიანები, ცოდნის ახალი ფორმების, უნარების, დამოკიდებულებების და ღირებულებების შესაძენად მიმართავენ.

ზრდასრულთა განათლება ისევე როგორც “მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა” მოიცავს ფორმალური, ასევე არაფორმალური სწავლების ყველა დონეს, რომელთა საშუალებით ზრდასრულები ავითარებენ საკუთარ უნარებს, ამდიდრებენ საკუთარ ცოდნას, სრულყოფენ ტექნიკურ და პროფესიულ კვალიფიკაციებს ან იყენებენ ახალი მიმართულებით საკუთარი (დასაქმება, შემოსავლების ზრდა) და საზოგადოების მოთხოვნების დასაკამყოფილებლად, სოციალური გაუცხოების თავიდან ასაცილებლად (ლიბერალური ზრდასრულთა განათლება).



წყარო: ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

განათლების მისაღებად, ხშირ შემთხვევაში პრობლემატურია ეკონომიკური ფაქტორი. საკუთარი სწავლის დაფინანსება საკმაოდ რთული საკითხია. აბიტურიენტების ნაწილი ვერ ახერხებს წავიდეს რეგიონიდან დედაქალაქში და სწავლასთან ერთად, იქ ცხოვრების ხარჯები დაფაროს. ზოგს კი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სწავლის გაგრძელების საშუალება არ ეძლევა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ ადამიანები არიან მოტივირებული და მონდომებული შეისწავლონ ის რაც აინტერესებთ, ამის შესაძლებლობა რეგიონშიც აქვთ, რაც მათთვის რა თქმა უნდა ხელმისაწვდომია. ახალციხეში, ზრდასრულთა განათლების ცენტრი, ახალგაზრდებს სხვადასხვა პროფესიის შესწავლას სთავაზობს, ჰყავს აქტიური მსმენელებიც.


წყარო: ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

25 წლის შალვა თამაზაშვილს, ხეზე კვეთა პატარაობიდანვე აინტერესებდა, თუმცა მის პროფესიად ქცევაზე არასდროს უფიქრია, რადგან არც შესაბამისი ხელსაწყოები ჰქონდა და არც ფინანსები, რომ ეს ყველაფერი შეეძინა. ამიტომ, წლების წინ საჯარო სამსახურში დასაქმდა და შემოქმედებას თანდათან ჩამოშორდა. ზრდასრულთა განათლების ცენტრში მოხვედრის შემდეგ კი მის ცხოვრებაში გეგმები საპირისპირო მიმართულებით შებრუნდა. შალვამ სამსახური მიატოვა და თავი, საყვარელ საქმეს მიუძღვნა.



„9 თვის წინ მოვედი აქ. დავინტერესდი და აქაურობამ დამანახა, რომ ეს იყო, რაც მინდოდა. ჩემი აქ მოსვლა და სამსახურის დატოვება ერთ დღეს მოხდა. ახლა ბედნიერი ვარ, რადგან მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ცხოვრებაში რაღაცის შექმნა მიყვარს“ – ამბობს შალვა თამაზაშვილი. 





გარდა ხის სუვენირების დამზადებისა, ცენტრში ფუნქციონირებს ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსიც. 



33 წლის ვერა საგოიანიც სწორედ ამ კურსზე სწავლობდა. ვერა ახალციხეში ცხოვრობს და პროფესიით ფარმაცევტია, თუმცა პატარაობიდანვე მოსწონდა ჭრა-კერვა. ბავშვობაში ტანსაცმელს უკერავდა თოჯინებს და უნდოდა მეტი ესწავლა, თუმცა დაოჯახდა და იმ მომენტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა. მიზანს ოდნავ მოგვიანებით მაინც მიაღწია. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დეტალურად შეისწავლა ყველაფერი და მიღებულ ცოდნას ახლა საკუთარ ოჯახში იყენებს. სამომავლოდ კი ჭრა-კერვას, შემოსავლის მიღების ერთ-ერთ წყაროდ განიხილავს.

„ცენტრში რომ მივედი, მეგონა რომ ჭრა-კერვა ვიცოდი და აღმოჩნდა, რომ ბევრი არაფერი მცოდნია. იქ ისეთი ნიუანსები იყო, როგორიცაა ჯიბის დაკერება, ზუსტი ზომების აღება და ა.შ. ახლა ყველაფერი საფუძვლიანად ვიცი და ამ კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ. გეგმაში მაქვს, რომ ეს პროფესია შემოსავლის წყაროდ ვაქციო. ასევე, საუბარია რომ ჭრა-კერვის კურსები კიდევ უნდა გაგრძელდეს ზრდასრულთა განათლების ცენტრში, სადაც შესწავლა უფრო თანამედროვე მეთოდებით იგეგმება. ამიტომ, ვაპირებ კიდევ გავაგრძელო და დავხვეწო ჩემი ხელობა“ - ამბობს ვერა საგოიანი.



ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2006 წლიდან დაფუძნდა, თუმცა უფრო აქტიურად მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. აქ ხდება მიღება სხვადასხვა კურსებზე. თითოეულ ჯგუფში 5-მდე მსმენელია და სწავლება კვირაში 2-3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პროფესიების შესწავლა მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება. ადრე იყო თექის და ტიხრული მინანქრის შემსწავლელი კურსებიც, სამომავლოდ კი კვლავ აპირებენ ზრდასრულების მიღებას ქარგვის და ასევე შედუღების სასწავლო კურსებზეც.


წყარო: ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი



წყარო: ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

გარდა ამისა, ფუნქციონირებს უცხო ენების, ბუღალტერიის, კომპიუტერის და სხვადასხვა სახის კურსები, ტარდება მოკლევადიანი ტრენინგებიც.

მსმენელები ძირითადად ახალციხელები არიან და მათი ასაკიც განსხვავებულია. აქ შეზღუდვა არ არსებობს, მთავარი მხოლოდ მონდომება და მოტივაციაა. ახალციხეშიც და ახალქალაქშიც არსებული ეს ცენტრები გათვლილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ზრდასრულთა ასაკის ადამიანებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ კურსის გავლის შემდეგ დაინტერესების შემთხვევაში, წარმატებული მსმენელები რჩებიან ადგილზე არსებულ სახელოსნოებში და აგრძელებენ მუშაობას.




ზრდასრულთა განათლების 11 ცენტრი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში. ამ 11 ცენტრის მსმენელებს შეუძლიათ მოქნილი გრაფიკით შეისწავლონ ის, რაც სურთ და აინტერესებთ, დახარჯონ ნაკლები დრო და ფინანსები და მიღებული ცოდნა გამოიყენონ სამომავლო პერსპექტივისთვის, რაც გულისხმობს დასაქმების ახალ შესაძლებლობას ან ბიზნეს იდეის განვითარების შანსს რეგიონში. ეს ყველაფერი კი შეცვლის იმას, რომ კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი აღარ იქნება საქართველოში და უმუშევრობის სტატისტისტიკური მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქვეყანაში.

ფაქტი ერთია, ზრდასრულთა წიგნიერებას დიდი გავლენა აქვს ფორმალური სისტემის განათლების სიდიდეზე და ხარისხზე. ზრდასრულთა წიგნიერება და განათლება არის საჭირო განათლებული მთავრობის და მოქალაქეობის უზრუნველსაყოფად, რომლის აქტივობები და გადაწყვეტილებები არის ძალიან სასიცოცხლო სრულყოფილი განათლებისა და ეროვნული მიზნების მისაღწევად.


FaceBook Twitter