გარემოს დაცვა
ბორჯომის ტყეში ხეები ხმება
ბორჯომისთვის ტყე ერთ-ერთი სასიცოცხლო რესურსია. ბუნებრივი რესურსი, რომელსაც მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. ზოგი უფრთხილდება ბუნებას, ზოგიერთი კი ნაკლებად. საბა ახობაძე ერთ-ერთია, ვისაც გარემოზე გული შესტკივა. ბორჯომელმა ახალგაზრდამ მოგვმართა, რომ მისი სახლიდან კარგად ჩანს თუ როგორ ხმება ხეები ბორჯომის ხეობაში, კერძოდ ვაშლოვანაში.

საბა ამბობს, რომ ყოველ დღე, სახლის ფანჯრიდან, საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ იმატებს გამხმარი ხეების რაოდენობა და იმედოვნებს, რომ ეს ტერიტორიაც პლატოს ტყეს არ დაემსგავსება, სადაც მბეჭდავი ქერქიჭამიაა გავრცელებული და ხეები ყოველდღიურად ხმება.

საბა ითხოვს, რომ შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ ტერიტორიას ყურადღება მიაქციონ და გადაარჩინონ ხეები ხმობისგან.

„ჩემი სახლიდან კარგად ჩანს ვაშლოვანის თავზე როგორ ხმება დღითი დღე ხეები და გული მწყდება. არ მინდა ეგ ადგილიც პლატოს დაემსგავსოს“ - ამბობს საბა ახობაძე.





ბორჯომის უბანი, სადაც ხეები დღითიდღე ხმება, დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა მათთვის ნაცნობია და საკითხის შესწავლა სპეციალისტების მეშვეობით დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს. ადმინისტრაციის დირექტორი ლევან საბანაძე, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რთული რელიეფიდან გამომდინარე, ხეების ტყე-კაფიდან გამოტანა რთული საკითხია.

„პარკის ადმინისტრაციის დირექტორად დავინიშნე თუ არა, პირველ რიგში, თვალში სწორედ ეგ ტყე მომხვდა და მაშინვე დავინტერესდი. როგორც გავარკვიე, აღნიშნული პრობლემა მწვავე იყო ჩემამდეც და მაშინაც უნდოდათ, რომ ტყიდან გამხმარი ხეები გამოეტანათ სამომხმარებლო მიზნით, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელი იყო. გზა იმდენად მიუვალია, რომ მეც მაშინ დავრწმუნდი, როცა ეს ადგილი პირადად დავათვალიერე. ფაქტობრივად, დასახლებული ზონის ზემოთ არის და წარმოიდგინეთ, მანდ რომ ხე მოიჭრას, ჩათვალეთ ეგრევე საცხოვრებელ სახლს დაეცემა. ამ ყველაფერს აპროტესტებს იქ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა“ - ამბობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ლევან საბანაძე.

ლევან საბანაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტყეში განთავსებულია ფერომონიანი მწერსაჭერებიც, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ამით დიდი შედეგი ვერ მიიღეს. პრობლემა კომპლექსურია და შესაძლებელია მოხდეს ფიზიკური ჩარევა, გამოხშირვა და ა.შ.



პარკის დირექტორიც იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტყეც პლატოს ტერიტორიას არ დაემსგავსება, სადაც ასევე ანალოგიურად დაიწყო ხეების ხმობა და ამ დრომდე საკმაოდ დიდი ფართობი მოიცვა.

„ეროვნულ პარკს თავისი წესები აქვს. ასე ადვილად ხეების მოჭრა დაცულ ტერიტორიაზე შეუძლებელია. პირველ რიგში, უნდა მოხდეს საფუძვლიანი შესწავლა და შემდგომ რეაგირება. აქედან გამომდინარე, დგინდება გამომწვევი მიზეზები და შესაბამისად, გასატარებელი ღონისძიებებიც. თუ რა უნდა გავაკეთოთ, ამას სპეციალისტები გვეტყვიან, ჩვენც ველოდებით მათ რეკომენდაციებს.  მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პლატოს ტყეს არ დაემსგავსოს აღნიშნული ტერიტორიაც და პრობლემა მანამდე მოვაგვაროთ“ - ლევან საბანაძე

სავარაუდო ინფორმაციით, ბორჯომის უბანზეც მბეჭდავი ქერქიჭამიაა გავრცელებული. დაემსგავსება თუ არა აღნიშნული ტერიტორია პლატოს ტყეს, ამის პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელია. ფაქტია, რომ გამხმარ ხეებს დროულად სჭირდება რეაგირება, რომ მავნებელი უფრო მეტ ფართობზე არ გავრცელდეს და მთელი ტყის გახმობა არ გამოიწვიოს.


FaceBook Twitter