ინტერაქტიული მულტიმედია
„თბილისის შესასვლელიდან რა მიდის მერე?" - ინიციატივა რეგიონული ტრანსპორტის გადაადგილებაზე
23 წლის თათია გაჩეჩილაძე ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით ხშირად არ მგზავრობს, თუმცა ახალ ინიციატივას, რომელიც რეგიონული ტრანსპორტის თბილისში გადაადგილებას ეხება, უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამბობს, რომ ბარგით მყოფებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება, რამდენიმე ტრანსპორტის შეცვლა.

„ვფიქრობ, რთული იქნება მგზავრებისთვის, რადგან დამატებითი ტრანსპორტი დასჭირდებათ ცენტრში მოსახვედრად. არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობს ეს სიახლე, სად იქნება გაჩერებები და ა.შ. მაგრამ თუ შესასვლელში იქნება, მაგალითად მცხეთიდან რომ მიდიხარ, იქიდან რთული იქნება გადაადგილება. რთული იქნება მათთვისაც, ვინც ბარგით გადაადგილდება“ - ამბობს თათია გაჩეჩილაძე.




ახალი ინიციატივა გაურკვეველია და კითხვებს უჩენს ადგილობრივ მოქალაქეებს. ლალი ნადირაძესთვის უცნობია, რა ტრანსპორტი გავა თბილისის შესასვლელიდან იმ ადგილებამდე, სადაც მგზავრს სურს გადაადგილება. ფიქრობს, რომ დიდუბეში ტრანსპორტის მეტი არჩევანია და ვარაუდობს, რომ ახალმა სქემამ შესაძლოა, მგზავრების დაბრკოლება გამოიწვიოს.

„ძალიან ცუდი იქნება, დიდუბემდე მაინც უნდა მიიყვანოს, გაჩერებამდე, რადგან იქ მეტროა, მარშუტკაა, ავტობუსია, ტაქსია და არჩევანის მეტი საშუალება აქვს მგზავრს გადასაადგილებლად. თბილისის შემოსასვლელიდან რა მიდის მერე? მგზავრი არ უნდა დაბრკოლდეს თუნდაც ერთი დღით. იქ აუცილებლად ტრანსპორტი უნდა დახვდეს, რომელიც იმოძრავებს სხვადასხვა მიმართულებით. მაგ: საბურთალოსკენ, დიდუბეში, ავლაბრისკენ თუ სადაც იქნება, წინასწარ უნდა მიიღონ ზომები, მაგრამ ამას თუ თავს მოაბამენ, ვერ გეტყვით“ - აცხადებს ლალი ნადირაძე-საბანაძე.




აღნიშნულ საკითხზე იდენტურია მეგობრების ბუბა ჯინჭარაძის და სანდრო მენთეშაშვილის მოსაზრებებიც.

„დიდუბე ისეთი ადგილია, რომ მაინც ყველა სახის ტრანსპორტი გადის და უფრო მარტივი და კომფორტულია მაქედან გადაადგილება. სჯობს ისევ ისე დარჩეს, როგორც ახლა არის“ - ამბობს ბუბა ჯინჭარაძე და მეგობარს ეთანხმება სანდრო მენთეშაშვილიც.



შედარებით განსხვავებულად ფიქრობს ბორჯომი-თბილისის საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი ჯუმბერ ჩადუნელი. უკვე 23 წელია სამარშრუტო ტაქსის საჭეს მართავს და ყოველდღიურად მგზავრები ამ მიმართულებით გადაჰყავს. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება მძღოლებისთვის თუ რეგიონიდან მიმავალი მანქანა თბილისის შესასვლელშივე გაჩერდება და მგზავრები იქიდან შეძლებენ გადაადგილებას. მგზავრების პოზიციიდან კი ფიქრობს, რომ მათთვის, განსაკუთრებით ბარგით მყოფებისთვის რთული იქნება ტრანსპორტის შეცვლა.

„ჩვენთვის უკეთესი იქნება, რადგან შესასვლელში გაგვივლეს ყვითელი ხაზი. დავით აღმაშენებლის ძეგლიდან დიდუბის ავტოსადგურამდე გვეკრძალება გაჩერება. მგზავრი რომ მეუბნება, მე აქ ვცხოვრობ და აქ გამიჩერეო, სად ვათრიო ჩანთები იქიდან აქეთო, ვერ ვუჩერებთ და მაგაზე უკმაყოფილოა ხალხი, არის წივილ-კივილი. უკეთესი იქნება თუ შესასვლელში სადმე ავტოსადგურის მოწყობას მოიფიქრებენ. ხანდახან ისეთი საცობია, რომ ერთი საათი ვუნდებით დიღომიდან დიდუბეში შესვლას. მგზავრებს რა თქმა უნდა გაუჭირდება, რადგან იქ მეტრო არაა, ისევ ქალაქის შიდა ტრანსპორტს უნდა დაელოდონ, მარშუტკას ან ავტობუსს. ჩვენ ეხლა მეტროსთან შევდივართ და ეს უადვილებს მგზავრებს გადაადგილებას“ - ამბობს მძღოლი ჯუმბერ ჩადუნელი.



მძღოლების აზრები ამ საკითხში არაერთგვაროვანია. უფრო მეტიც, სიახლეში პრობლემებს ხედავენ და კითხვის ნიშნებიც უჩნდებათ.

„რამდენი რეგიონია და ყველა ამ რეგიონიდან რომ მგზავრი შევა თბილისის შესასვლელთან, რომელი შიდა საქალაქო ტრანსპორტი აუვა ამდენი მგზავრის გადაყვანას?“ - ამბობს მეორე მძღოლი.

რეგიონებიდან თბილისში მიმავალი საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებები, დედაქალაქში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ მედიასთან „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა ასმათ აბესაძემ განაცხადა.



როგორც აბესაძემ აღნიშნა, მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს. სადგური დედაქალაქის შესასვლელთან განთავსდება. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია ქალაქ თბილისის მერია. პროექტის განმხორციელებელი ფრანგული კომპანია „სისტრაა“, რომლის პარტნიორი საქართველოში SPECTRUM CONSULTING-ია.

ასმათ აბესაძე, ასევე, საუბრობს თბილისის შიდა მგზავრობის ფასსზე. საქალაქო ტრანსპორტით საათნახევარი მგზავრობა 80 თეთრიდან 1 ლარამდე იქნება, თუმცა, პირველი მგზავრობიდან ამ დროის გასვლის შემდეგ, მგზავრს საწყისი თანხის გადახდა მოუწევს.

„ქეშით“ გადახდა საერთოდ ამოვარდება. ერთხელ გადაიხდით, მოახდენთ ბარათის ვალიდაციას და იმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩარიცხავთ კონკრეტულ თანხას და იმგზავრებთ “ - განმარტავს ასმათ აბესაძე.

კომპანია „spectrum consulting “- ის ამ პროექტით, ასევე გათვალისწინებულია ქალაქ თბილისში მიწისზედა მეტროს ხაზების დამატება, ავტობუსების დამატება, ქუჩების მოწყობის ახლებური სისტემები და სხვა. ასმათ აბესაძის თქმით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა 2021 წლის ზაფულში, ივნისის ბოლოს–ივლისის დასაწყისში დასრულდება.





FaceBook Twitter