ინტერაქტიული მულტიმედია
მიწათმოქმედებაზე დამოკიდებული ცხოვრება - ფოტორეპორტაჟი ვალედან
38 წლის ნანა გიორგაძე, უკვე 20 წელია მიწაზე მუშაობს. ვალეში, 18 წლის ასაკში გათხოვდა და მას შემდეგ, კომბოსტოს, სიმინდის და კარტოფილის მოყვანაზე ზრუნავს. 75 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვს და სეზონზე კომბოსტოსაც და კარტოფილსაც 10 ტონამდე იღებს.



მოსავლის აღებამდე ბევრს წვალობს. პროდუქტის გასაყიდი ფასი კი მის შრომას ვერ ანაზღაურებს. კომბოსტო 15-20 თეთრად გაუყიდია, კარტოფილი კი 40-50 თეთრად. საკუთარი ტექნიკა არ ჰყავს, რომ მოსავალი ახალციხემდე ჩაიტანოს და გაყიდოს, ამიტომ მანქანას აბარებს და ფულს ასე იღებს. მიწათმოქმედება მისი ერთადერთი შემოსავლის წყაროა და ამით არჩენს მეუღლეს და 3 შვილს. ოჯახში არავინაა დასაქმებული და მიწათმოქმედებაში ყველაა ჩართული.

„ყველაფერი ძვირი ჯდება. აიღებ კრედიტს და მორწყვაში ფული უნდა გადაიხადო, იმას შეწამლვა უნდა და ა.შ. შემდეგ, ეს კრედიტი ნელ-ნელა უნდა დაფარო. მიწათმოქედებაზე ვართ დამოკიდებული, სხვა რა გზაა“ - ამბობს ნანა გიორგაძე.



81 წლის ლიდა მასკანსკი კი ბაღ-ბოსტანს მარტო უვლის. მოჰყავს: ლობიო, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, სიმინდი, კარტოფილი. ასევე ეზოში აქვს ვაშლის, კაკლის ხეები, გაშენებული აქვს ვენახი. მოხუცი ბებო ოჯახში მარტო ცხოვრობს და ამ ყველაფერს მარტო უმკლავდება.



„სამი შვილი მყავს და შვილიშვილები, ოჯახებით ცალკე ცხოვრობენ. მე ასე მარტო ვარ ბოლო 10 წელია და ვუვლი ჩემ ბაღ-ბოსტანს. მოსავალს არ ვყიდი, იმდენს ვთესავ, რომ საარსებო მქონდეს“ - გვიყვება ვალეში მცხოვრები ლიდა ბებო.



ვალეში მოსახლეობის უმრავლესობა, მიწათმოქმედებითაა დაკავებული. მიწაზე შედარებით კარგად მოდის კომბოსტო, კარტოფილი და ჭარხალი. ადგილობრივების უმეტესობა მოსავალს ჰყიდის და ასე ირჩენს თავს. მიწაზე ქალებიც და კაცებიც ერთნაირად არიან დატვირთულები.





გარდა მიწაზე მუშაობისა, აქ საოჯახო საქმეები ისეც ბევრი აქვთ, მითუმეტეს მაშინ თუ ოჯახში ბევრი ბავშვია.



ვალელები ამბობენ, რომ ადრე აქ მესაქონლეობაც იყო განვითარებული, თუმცა ბოლო პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ფერმერი დარჩა, ვინც ფერმა მოაშენა და განავითარა ეს მიმართულება. დანარჩენებს კი შინაური ცხოველები აღარ ჰყავთ. ვალელები ამბობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიგრაცია საგრძნობლად შესამჩნევია. 800 ოჯახიდან, ვალეში მოსახლეობა თითქმის განახევრდა.




ზოგი ახალციხეში გადადის საცხოვრებლად, ზოგი სხვა ქალაქში, ზოგიერთები კი ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებენ. ვალეში, ეკონომიკურად ძლიერი რამდენიმე ოჯახია, ვისაც მიწაზე მუშაობა არ უწევს და მძიმე სოციალური ფონი არ აწუხებს.



„სამსახურები ვალეში არ არის, მიწათმოქმედება რას უშველის ხალხს. ჩემი ოჯახის მდგომარეობა განსხვავებულია, ჩვენ მიწაზე არ ვმუშაობთ, თუმცა ჩვენნაირები აქ ძალიან ცოტაა. ძალიან უჭირს ხალხს“ - ამბობს დალი ხითარიშვილი.




ვალეში, სამი საშუალო სკოლა (2 ქართული, 1 სომხური) ფუნქციონირებს. სკოლაში შემცირდა ბავშვების რაოდენობაც. დარჩა მოსწავლეების თითქმის მესამედი ნაწილი. გარდა სკოლისა, აქ ასევე მუშაობს საბავშო ბაღი, იუსტიციის სახლი, პოლიკლინიკა, პოლიცია, კულტურის სახლი.



თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადრე აქ უფრო მეტი საწარმო, ქარხანა ფუნქციონირებდა და მეტი სამუშაო ადგილიც იყო. ვალე, ყოფილი შახტების ქალაქია.





ყოფით პრობლემებთან ერთად, ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული საკითხებიც აწუხებთ. აქ ძირითადად წყალი, საკანალიზაციო სისტემა და ახალგაზრდებისთვის გასართობი საშუალებები უნდათ. ასევე გზებია მოსაასფალტებელი არაცენტრალურ ნაწილში. 



ვალეს ამჟამად ქალაქის სტატუსი აქვს. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს წოდება ვალეს რამდენჯერმე წაართვეს, შემდეგ დაუბრუნეს და ასე გრძელდებოდა.

„70-იანი წლებიდან მოყოლებული, ვალეს ქალაქის სტატუსი ჰქონდა. თუმცა, 2009 წელს ისე მოხდა, რომ აღარც ქალაქის, აღარც სოფლის და აღარც დაბის სტატუსი არ შეუნარჩუნდა. ვალე, იმ პერიოდში მოიხსენიებოდა როგორც დასახლება. ბოლო პერიოდში, ისევ ქალაქის სტატუსი დაუბრუნდა“ - იხსენებს ემზარ ხითარიშვილი.

ვალეს, მაღალმთიანის ზონის სტატუსიც მიენიჭა და აქედან გამომდინარე, მოსახლეობა გარკვეული შეაღავათებით სარგებლობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, გაჭირვებაში ცხოვრება აქ მყოფებისთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ადგილობრივების უმრავლესობა, ან ყოველდღიურად მიწაზე აგრძელებს მუშაობას და მოსავლის აღებას, ან ნაწილი ტოვებს მშობლიურ ვალეს, ცდილობს ფიზიკურ შრომას თავი დააღწიოს და საცხოვრებლად სხვა ქალაქში სამუდამოდ გადავიდეს.




FaceBook Twitter