ინტერაქტიული მულტიმედია
სკვერი და წყალი-რველის მთავარი პრობლემები
სოფელ რველის მოსახლეობა თავისუფალ დროს სოფლის ცენტრში ატარებს. რველის კულტურის სახლის ეზო ერთადერთი თავშეყრის ადგილია, სადაც ადგილობრივები იკრიბებიან. სოფელში სკვერი არ არის, ამიტომ პატარებსაც და დიდებსაც შეკრება ამ ტერიტორიაზე უწევთ. გარშემო ინფრასტრუქტურა მოსაწყობია, მხოლოდ ორი სკამი დგას, დაზიანებულია ფილები და შენობის გარე ფასადი. 



ბავშვებისთვის ერთადერთი გასართობი ადგილი ცენტრიდან მოშორებით მდებარე სკოლის სტადიონია. მათი ნაწილი გასართობად მეზობელ სოფელში ვარდგინეთში გადადის. პატარებს სურვილი აქვთ სოფელში სპორტული მოედანი, ტრენაჟორები და მინი ატრაქციონები ჰქონდეთ. 





„ელემენტარული გასართობი არ არის, რაც არის ეს პატარა მოედანი დანგრეულია. ძალიან ხშირად ვიმტვრევით ბავშვები. არც სკამებია, რომ დავისვენოთ. კლუბი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. რამდენჯერ შენობიდან ფილა ჩამოვარდნილა და ლამის ადამიანს დაცემია. ცოტა რომ შეარემონტონ და მოხედონ აქაურობას არ იქნებოდა ცუდი“-გვეუბნება ავთანდილ სტეფნაძე.


სოფელში 300-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქედან 60-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აქვს. მათ ონკანებში დასალევად უვარგისი წყალი მოდის, რომელიც განსაკუთრებით წვიმის დროს იმღვრევა.






„გაკეთებული ახალია, მაგრამ გასაწმენდი საშუალება არ არის და ღელე რომ იმღვრევა შემოდის ყველაფერი, ბაყაყი, გველი და ათასი უბედურება. არ იფილტრება. მხოლოდ ტექნიკურად ვიყენებთ და წყაროდან მოგვაქვს დასალევი“- ამბობს ჯამბულ გაგლოშვილი.


“იწვიმებს თუ არა, წყალი იმღვრევა. ბაყაყები მოყვება, იჭედება ონკანები და სულ გასაწმენდი გვაქვს ფილტრები. აუზზე ფილტრები არ არის დამონტაჟებული და არ იფილტრება. წყაროდან მოგვაქვს. ხან იმ წყალს ვსვამთ, ვაყენებთ და ვფილტრავთ“-გვეუბნება ჯამბულ გასანოვი.


რველელების კიდევ ერთი პრობლემა მაღალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტია. იმის გამო, რომ სოფელი ცენტრალურ გზაზე მდებარეობს  ავტომანქანები მათთვის საფრთეხეს წარმოადგენს. განსაკუთრებით სოფლის მოსახვევში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.






„სოფლის შემოსასვლელში დააყენონ სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი, რომ ტრანსპორტი ჩამოვიდეს ნორმალურად და ნელა გაიაროს სოფელში. ხშირი შემთხვევაა, როცა ისე მოდის ტრანსპორტი, რომ პირდაპირ ეზოში შემოსულა“-აცხადებს სოფელში მცხოვრები ადგილობრივი.


ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ამბობს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი სასმელი წყლის პრობლემის გადასაჭრელად მუშაობს. მომზადებულია საპროექტო დოკუმენტაცია, რაც სათავე ნაგებობის შეკეთებას ითვალისწინებს. იგეგმება ქსელის რეაბილიტაციაც.
„წლევანდელ ბიუჯეტში მოხდება ამ პრობლემების გათვალისწინება და უკვე გაზაფხულიდან საგრძნობლად იქნება წყლის ხარისხი გაუმჯობესებული“.
მერის მოადგილე რველის მოსახლეობას სკვერის მოწყობას და ატრაქციონების დამონტაჟებასაც პირდება.

FaceBook Twitter
თეგები: რველი /